რა ხდება გორის დილაში?

ივლისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მას შედეგ, რაც გორის "დილა" „სტარ სპორტ ინვესტმა“ შეიძინა, გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ გორის საფეხბურთო კლუბი კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ებრაულმა კომპანიამ კლუბში დაახლოებით 300 000 ლარი გადაიხადა, ხოლო დავალიანება, რომელიც ნახევარ მილიონ ლარს აღემატებოდა, სრულად დაფარა.

ფინანსური პრობლემები გუნდმა 2016 წლის ბოლოსათვის სრულად გამოასწორა. ფინანსური თვალსაზრისით, "დილა" დღეს „ეროვნულ ლიგაში“ ყველაზე მოწესრიგებული საფეხბურთო კლუბია.

ფეხბურთელები დროულად იღებენ ხელფასს, პრემიას და არც შეკრებების ნაკლებობას განიცდიან. ამის მიუხედავად, ის შედეგი, რასაც გულშემატკივარი გორის „დილასგან“ ელის, არ ჩანს.

 

რას ითხოვენ გულშემატკივრები?

 

გორის დილას“ გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ გუნდში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე არასწორი საფეხბურთო ტრანსფერი განახორციელა. წინა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მიკოლა კოვტალიუკმა და ლეანდრო რიბეირომ. კოვტალიუკი ერთ - ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მოიაზრებოდა და მასზე გაცემული ავანსები სრულიად გაამართლა. რიბეირო კი სეზონის ბოლოს საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. მათი სრულფასოვანი შემცვლელები გორის „დილამ“ ვერ მოიყვანა.

ლეანდრო რიბეირო

გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ კლუბმა შემადგენლობა უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს. მით უმეტეს, როცა საფეხბურთო კლუბს ფინანსური პრობლემები აღარ აქვს. გარდა ამისა, ასევე საჭიროა სამწვრთნელო ბაზის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ქომაგები ასევე ფიქრობენ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი არ აქვს. ან თუ აქვს, საჯაროდ არ აცხადებენ.

 

რატომ დატოვეს ლიდერებმა „დილა“?

 

მიკოლა კოვტალიუკი სამხრეთ კორეაში წავიდა და იქაურ საფეხბურთო კლუბში თამაშობს. კოვტალიუკიდილადან“ მთელი დავი - დარაბით წავიდა. იყო ორმხრივი ბრალდებები, თუმცა ფეხბურთელმა და კლუბმა საბოლოოდ საერთო ენის გამონახვა შეძლეს.

mikola kovtaliuyki

კოვტალიუკი ამბობდა, რომ გორის „დილა“ მას ხელფასს დროულად არ უხდიდა. უკრაინელი ფეხბურთელის თქმით, გუნდს მის მიმართ 2,5 თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდა. მაშინ კოვტალიუკი აცხადებდა, რომ გუნდის მენეჯმენტთან კომუნიკაციის პრობლემაც ჰქონდა. 

გუნდის ერთ - ერთი ლიდერი ლეანდრო რიბეირო კი ტირასპოლის „შერიფში“ გადაბარგდა. მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ გორის „დილას“ ეკუთვნის და ფეხბურთელი მოლდოვურ გუნდში იჯარის წესით თამაშობს. შერიფი“ გორის „დილას“ ყოველწლიურად  50 000 ევრო უხდის.

ნოდარ ქავთარაძე კი ტორპედოში წავიდა. წასვლამდე ქავთარაძესაც გუნდის მენეჯმენტთან კონფლიქტი ჰქონდა. 

 

ლეგიონერები, რომლებიც გუნდში ლიდერების წასვლის შემდეგ გამოჩნდნენ

 

კოვტალიუკის, რიბეიროს და ქავთარაძის წასვლის შემდეგ გორის დილამ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. გუნდში გამოჩნდა დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი, ჯეიკობ ნჯოკუ, ფილიპე პაიმი.  თავის გამოჩენის შანსი მისცეს ლეგიონერებს: ისიფუ ლემპტს, ამოს ნონდის და ერიკ სანტოსს.

ალვინ ფორტესი

მაგრამ ახლა, ლემპტი ძირითადად სათადარიგო სკამზე ზის, ნჯოკუმ პირველივე მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ამოს ნონდი კი თამაშში საშუალოდ 10 შეცდომას უშვებს. 

ისინი, ვინც მეტ - ნაკლებად ამართლებენ მათზე გაცემულ ავანსს, ალვინ ფორტესი და დიდიე კოუგბენია არიან. თუმცა კოვტალიუკს და რიბეიროს სრულფასოვნად ვერ ცვლიან.

 

რატომ ვერ შეინარჩუნა „დილამ“ ფეხბურთელები? - კლუბის პოზიცია

 

ფეხბურთელებს, რომლებმაც „დილა“ დატოვეს, უფრო ძლიერ ჩემპიონატებში სურდათ თამაში - აცხადებს გორის „დილას“ მენეჯმენტი.

„დილას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯოხაძე ამბობს, რომ არცერთ ფეხბურთელთან კლუბს დავალიანება არ ჰქონია. გუნდი ფეხბურთელების შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცადა.

„მიკოლა კოვტალიუკი თავად ცდილობდა სამხრეთ კორეაში წასვლას. მას თავად უნდოდა „დილას“ დატოვება. სიცრუეა, თითქოს კლუბმა მას რამდენიმე თვის ხელფასი არ ჩაურიცხა. ყველა ფეხბურთელი დროულად იღებს ხელფასსა და პრემიას.

ქავთარაძე კონფლიქტში შევიდა ხელმძღვანელობასთან, თვითნებურად სურდა კლუბის დატოვება და ამას მოჰყვა ყველაფერი. ამის მიუხედავად, გუნდი მასთან თანამშრომლობას მაინც მაქსიმალურად ცდილობდა.

ნოდარ ქავთარაძე

რაც შეეხება ლეანდრო რიბეიროს, ის კვლავ გორის „დილას“ ეკუთვნის, იჯარის წესით თამაშობს „შერიფში.

 

როგორ დაიწყო „დილამ“ სეზონი?

 

სეზონის დაწყებამდე გორის „დილამ“ შეკრება თურქეთში გაიარა. გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, ნაწილი კი საკუთარი სათადარიგო შემადგენლობიდან დააწინაურა.

გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტს, გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს. კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.

გუნდში გამოჩნდა კუცია, ფორტესი, კოუგბენია, გოშთელიანი, გაგნიძე და მამულაშვილი. გარდა ამისა, გორის „დილას“ ასევე ადებაიორის მოყვანა სურდა, თუმცა ტრანსფერი სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შედგა. 

დილა ვიტ ჯორჯჯია

სეზონის სტარტი გორის „დილასთვის“ მძიმე აღმოჩნდა. გუნდმა პირველივე ტური დათმო "ვიტ ჯორჯიასთან", შემდეგ სამ თამაშში კი მხოლოდ ორი ქულის აღება მოახერხა. 

საქართველოს თასიდან კი "დილა" პირველივე შეხვედრაში გავარდა. გუნდმა სამტრედიასთან დათმო მატჩი.

 

რა ხდება ახლა?

 

გორის „დილას“ შედეგებით უკმაყოფილო კლუბის ხელმძღვანელობაც აღმოჩნდა. პირველი, რაც კლუბში გადაწყდა, ისაა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დეკანოსიძემ გუნდი დატოვა. მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად ირაკლი მოდებაზე ასრულებს.

გარდა ამისა,  „დილადან“ ლუკა გუგეშაშვილიც წავიდა. 19 წლის მეკარე კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს. გუგეშაშვილის სატრანსფერო უფლებები პოლონურ "იაგელონიას" ეკუთვნის, რომელმაც თავის მხრივ ფეხბურთელი "გრანადაში" გაანათხოვრა. 

ლიუკა გუგეშაშვილი

მეკარე, ფორვარდი და მარჯვენა მცველი - „დილამ" ეს პოზიციები უნდა გააძლიეროს.

 

გორის „დილას“ გეგმები

 

გუნდში არსებული კრიზისის გადაჭრას გორის „დილას“ მენეჯმენტი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებით გეგმავს, თუმცა სანამ ფეხბურთელებს დაიმატებს, „დილას“ მწვრთნელი სჭირდება.

„კონკურენცია დიდია, თუმცა ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვცდილობთ გამოცდილი მწვრთნელის მოყვანას. იმედი გვაქვს, მალე გადავჭრით ამ პრობლემას.

ამ პაუზაზე ყველა ფეხბურთელს შევინარჩუნებთ. ჯერჯერობით არავის გაშვებას არ ვგეგმავთ.

რამდენიმე ფეხბურთელს სატრანსფერო ფანჯარაზე დავიმატებთ. იმედია, ყველაფერს შევძლებთ“, - ამბობს „დილას“ დირექტორი.

დილას სტადიონი

დილას“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ გუნდი გორში სავარჯიშო ბაზის მოწყობასაც გეგმავს. ამისათვის ჭალის დასახლებაში ადგილი უკვე შეარჩიეს.

გარდა ამისა, "დილას" ფეხბურთელებს მოუწესრიგდათ საცხოვრებელი პირობები. ფეხბურთელებს ემსახურება კომფორტული ავტობუსი და ცხოვრობენ მაღალი კლასის სასტუმროებსა თუ სახლებში.

კლუბმა შეიძინა ფიზიოთერაპიის აპარატი, ასევე აქვს "game read" და ყინულის აპარატებიც.

"დილამ" სრულიად განაახლა "ქართლის" ყოფილი სტადიონი, სადაც დღეს ფეხბურთელები ვარჯიშობენ. დამონტაჟდა თანამედროვე სარწყავი სისტემა.

რაც შეეხება ფინანსებს, გუნდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე სამჯერ მეტი ინვესტიცია იდება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი