შესატანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში - დისკუსია გორის დემოკრატიის სკოლაში

ივლისი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს  - ამ თემებზე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ინიციატივით, გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა.

პოლიტიკოსი სოსო ვახტანგაშვილი ფიქრობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართული საზოგადოების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება. მისი აზრით, პოლიტიკურმა ბრძოლამ არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ხელისუფლებას დანაპირების უკან წაღების საბაბი მიეცეს. 

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის ეპოქალური ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. განიმუხტება ის კრიზისები, რაც არის ქუჩაში და შევა დახურულ სივრცეში, რასაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია.

ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ უკან წაიღოს პროპორციული დანაპირები. საჭიროა შეთანხმება“, - თქვა სოსო ვახტანგაშვილმა.

თამაზ მაყაშვილი გორის აქტიური მოქალაქეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამართულ ყველა არჩევნებში ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ის რეგიონული პროპორციული არჩევნების იდეას ემხრობა

“პროპორციულ არჩევნებს მივესალმები, პოლიტიკასთან უფრო ახლოა ეს სისტემა. შიშებს რაც შეეხება, რომ შესაძლოა რაღაც ჯგუფები მოხვდნენ, მე არ ვეთანხმები, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება.

უფრო მეტიც , მე მინდა რეგიონული პროპორციული არჩევნები იყოს, ეს ამომრჩევლის აქტივობას და დეპუტატების პასუხისმგებლობას გაზრდის“, - ამბობს თამაზ მაყაშვილი.

მაყაშვილისგან განსხვავებით, ა/ო "სამართლიანი არჩევნების" გორის კოორდინატორი პარლამენტში ე.წ. სატელიტი პარტიების მოხვედრის საფრთხეს ხედავს. თეა თედლიაშვილი ფიქრობს, რომ ნულოვანი ბარიერი ამ პროცესის ინსპირაცია იქნება. 

"პოლიტიკური მდგრადობისთვის კარგი იქნება , თუ ამ გარდამავალ პროცესში მივიღებთ 3% - იან ბარიერს, რათა არ გვქონდეს ისეთი სატელიტი პარტიების შექმნის ალბათობა, რომლებიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მათ ექნებათ პოლიტიკური იდეოლოგია და ქვეყნის განვითარების ხედვა“, - თქვა თეა თედლიაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისას 3 % - იანი ბარიერი გაუქმებული იქნება. იურისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლებიც ნულოვან ბარიერს ახლავს თან.

“საფრთხეები არის იმიტომ, რომ ამ გზით ჩამოყალიბებული პარლამენტი რამდენად შეძლებს სწორად გადაწყვეტილებების მიღებას, ამას აქვს თანმხლები პროცესი. გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, აუცილებელია იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობით.

სამუშაო ჯგუფმა უნდა შეძლოს ყველა იმ აქტორის ჩართვა თავის მუშაობაში, როგორიც არიან ოპოზიციური პარტიები, ასევე სამოქალაქო სექტორი", - აღნიშნა ქეთი ბებიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციების შემდეგ „ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ერთი მანდატის მისაღებად საჭიროა პარტიამ ხმების დაახლოებით – 0,7 პროცენტის მიიღოს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი