5 გორელი აბიტურიენტი, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა

აგვისტო 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა. 100%-იანი გრანტი სწავლის დასაფინანსებლად საქართველოს მასშტაბით 1 011-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათ შორის არიან გორელებიც.
რადიო "მოზაიკა" გაგაცნობთ 5 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს და 100%-იანი გრანტიც დაიმსახურეს.
ანდრო მაზმიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდა კომპიუტერულ ინჟინერიაზე. ამბობს, რომ ურჩევნია ისევ საქართველოს მოახმაროს მიღებული განათლება.
"სამომავლოდ სავარაუდოდ ვეცდები ქართულ IT ინდუსტრიაში ჩემი სიტყვა ვთქვა. მირჩევნია ისევ საქართველოს მოვახმარო ჩემი განათლება", - აღნიშნავს ის.
თათული მარმალიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამაზე.
"სურვილი მაქვს არჩეულ პროფესიას კარგად დავეუფლო, მეტი კომუნიკაცია დავამყარო ადამიანებთან და უბრალოდ ახალი ცხოვრებით ვისიამოვნო", - ამბობს ის.
მარიამ გოგიაშვილი გრაფიკულ დიზაინერობას აპირებს. ის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.
"პირველ რიგში, მინდა დავიხვეწო და ეს წლები მაქსიმალურად გამოვიყენო, განსხვავებით აქამდე დაკარგული დროისა. მინდა დავეუფლო ამ პროფესიას, რეკლამებზე მუშაობის იდეაც მომწონს, პოსტერებზეც, ლიტერატურული ნაწარმოებების საკუთარი ფანტაზიით გაცოცხლების იდეაზეც საინტერესოდ მეჩვენება და ასე შემდეგ", - ამბობს მარიამი.
ნათია ჩიტიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ კონკრეტული პროფესია ჯერ არ აურჩევია.
"მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი, ანგლისტიკის არჩევას ვაპირებ მეორე კურსიდან. გრაფიკული დიზაინითაც ვარ დაინტერესებული. კონკრეტული პროფესია ჯერ არ ამირჩევია, საკუთარი თავის ძიებაში ვარ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ სფეროში გამოვცადო თავი", - ამბობს ის.
ბაკურ ჯაფარიძე კომერციულ პილოტობას აპირებს, თუმცა დაფინანსების მოპოვების მიუხედავად, სწავლის გაგრძელებას საქართველოში არ გეგმავს.
"აქ არ ვრჩები, სასწავლებლად საფრანგეთში მივდივარ. საქართველოში აკადემიურს ავიღებ, სხვანაირად არ გამოდის. უნივერსიტეტს რაც შეეხება ,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოვხვდი. კერძოდ, საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (კომერციული პილოტი) ფაკულტეტზე. სწავლის გაგრძელებას კი საფრანგეთში, იგივე განხრით, ტულუზაში ვაპირებ", - აღნიშნავს ბაკური.
როგორც ცნობილია, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა. რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1011-მა მათგანმა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1452-მა ადამიანმა, 50%-იანი კი – 4083%-მა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი