კომისიის სხდომები გორის საკრებულოში და 2 სააგენტოს მუშაობის ანგარიშების განხილვა

სექტემბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი კომისიის სხდომა გაიმართა.

საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების 2019 წლის ფინანსური ანგარიშები მოისმინეს.

სხდომას სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სამსახურის საქმიანობა დეპუტატებთან ერთდ მიმოიხილეს. სესიაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულმა განყოფილებამ 385 536 ლარი დახარჯა. ამ თანხიდან თანამშრომლებთა ხელფასებისთვის განისაზღვრა 327 484 ლარი.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ისაუბრეს რაიონის კულტურის სახლების აღდგენა-რეაბილიტაციაზეც. ამ დროისთვის, მუნიციპალურ ბალანსზე 9 კულტურის სახლია. კომისიის თავმჯდომარემ ივანე კორინთელმა აღნიშნა, რომ ტყვიავის კულტურის ცენტრი უძველესი და უნიკალური ნაგებობაა, რომელსაც აღდგენა ჭირდება.

“მე ბევრჯერ დავაყენე საკითხი ტყვიავის კულტურის სახლზე, ეს უნიკალური შენობა ინგრევა, მსგავსი შენობა რაიონში არ დგას არსად. იქნებ გვეფიქრა მის გარემონტებაზე. ეს საკითხი გუბერნარტორთანაც დავაყენე“, - ამბობს ივანე კორინთელი.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ აღნიშნა, რომ სოფლებს სხვა პრობლემები აქვთ და პრიორიტეტებში ამ ეტაპზე კულტურის ცენტრი არ მოიაზრება

“ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სოფელში, სადაც წყლის პრობლემაა, რთულია პრიორიტეტებში ტყვიავის კულტურის სახლი განსაზღვრო“, - თქვა დავით რაზმაძემ.

სხდომაზე ასევე გახდა ცნობილი, რომ მომავალი წლიდან სოფლებში ბიბლიოთეკების აღდგენაც დაიწყება.

საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის განყოფილების 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის განვლილი პერიოდის სამუშაოების ანგარიში მოისმინეს. კომისიას სამსახურის ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი ესწრებოდა, რომელთანაც დეპუტატებს კითხვები და რეკომენდაციები ჰქონდათ.

საკრებულოს წევრმა თამარ კოდოშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაბინძურებულია. მაგალითისთვის გორის უნივერსიტეტის ტერიტორია დაასახელა.

“უნივერსიტეტთან ყრია ფოთლები, ხის ქერქები, პოლიეთილენის ბოთლები. ამ ქუჩაზე დავდივარ და სულ თვალში მხვდება დაბინძურებული ქუჩა. იქნებ დამატებითი ურნები დავდგათ ამ ტერიტორიაზე, რადგან სულ ეგრედ წოდებული „ბირჟებია“ და ახალგაზრდები ძირს ყრიან ნაგავს“, - აღნიშნა თამარ კოდოშვილმა.

ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, იმ ადგილებში, სადაც უკვე დგას ურნები, ახალი ურნების დადგმა ვერ მოხდება, რადგან ეს ფინანსების გაზრდას გამოიწვევს, ამის საშუალება კი, ამ ეტაპზე არ არის.

“ურნებს ვერ დავამონტაჟებთ, ახლო - ახლო მოგვიწევს დადგმა და ამის საშუალება არ არის, ხარჯებთანაა დაკავშირებული. მე არ მგონია, რომ ასეთი პრობლემა იყოს ამ ქუჩაზე, თან ცენტრალური ქუჩაა და ყველას გვიწევს მანდ გავლა. ჩვენი თანამშრომლები ალაგებენ ყოველდღე და საღამომდე თუ დანაგვიანებულია, ამის გაკონტროლება არ შეგვიძლია. ქალაქი რომ ორჯერ დაიგავოს, ეს ორმაგ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ალბათ მოსახლეობის თვითშეგნებაც უნდა გაიზარდოს, რომ სისუფთავე შევინარჩუნოთ“, - თქვა ბაჩანა გვიანიშვილმა.

ბაჩანა გვიანიშვილმა კომისიაზე განაცხადა, რომ კეთილმოწყობის სამსახურს მალე 250 ახალი დეკორატიული და 150 დიდი ურნა ექნება.

“ახალი ურნები ჩამოგვდის, ზოგს ამოვცვლით. მაგალითად, ცენტრალურ ქუჩებზე, როგორიცაა სტალინის, ჭავჭავაძის ქუჩა და დანარჩენს იმ ადგილებში დავაყენებთ, სადაც არ არის“, - აღნიშნა ბაჩანა გვიანიშვილმა.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასეს. 5 სექტემბერს ბიუროს მეორე სხდომაა ჩანიშნული.


 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი