7 ქალი 33 კაცის პირისპირ - ქალის ხმა გორის თვითმმართველობაში

სექტემბერი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში 2 058 წევრიდან, ქალი მხოლოდ 277-ია. არც ერთ თვითმმართველ ქალაქს არ ჰყავს ქალი მერი და მუნიციპალიტეტების მიერ არჩეულ 59 მერს შორის, ქალი მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, 40 წევრიდან მხოლოდ 7 ქალია.
ირმა ამბარდნიშვილი გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთია იმ 7 ქალიდან, ვინც საკრებულოში ადგილის დაკავება შეძლო. დღესდღეობით, 40 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა კაცებს აქვთ. როგორც ამბარდნიშვილი ამბობს, რომ გენდერული დისბალანსი თვითმმართველობის მუშაობასაც ეტყობა - საკრებულოში ქალების ინიციატივები ყურადსაღები არ არის და აქცენტი ყოველთვის კაცის პერსპექტივიდან დანახულ საჭიროებებზე კეთდება.
„კარგი იქნებოდა ქალები მეტად იყვენ ჩართული პოლიტიკაში. მათ ხელშეწყობა ჰქონდეთ და იზიარებდნენ ქალების ინიციატივებს და მხარს უჭერდნენ საკრებულოს კაცი წევრები. ძირითადად, ქალების ინიციატივები ყურადსაღები არ არის და წამოწეული არის მხოლოდ მამაკაცური პრობლემები. ისევე, როგორც სოფლის პროექტებში წამოწეული არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური პრობლემები, სოფლებში არის მოწყობილი საჭიდაოები, დარბაზები და არ არის იქ გათვალისწინებული ქალთა ინტერესები“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
 
ამბარნიშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოში ქალების ინიციატივა რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს, უგულებელყოფილია. მისი აზრით, ქალებს უფრო მეტ რამეს უბედავენ.
„ქალებს უფრო მეტს უბედავენ და ქალის ინიციატივები, რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს, არის უგულებელყოფილი, რის გამოც ქალებს აქტიურობის მოტივაციაც ეკარგებათ. არადა, ქალი ნაკლებად კორუმპირებულია, ნაკლებად აგრესიულია და უფრო მეტად არის ოჯახზე და ქვეყანაზე ორიენტირებული“, - ამბობს ის.
 
მკვეთრად განსხვავებული სურათი არც სხვა მუნიციპალიტეტებშია.
თვითმმართველობის 2017 წელს არჩეულ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში 2058 წევრიდან, ქალი მხოლოდ 277-ია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ანგარიშში „გლობალური გენდერული ინდექსი“ პოლიტიკური გაძლიერების კუთხით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს.
გენდერულ დისბალანსზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალებიც საუბრობენ. გორის მუნიციპალიტეტის წევრი "ქართული ოცნებიდან" თამარ მურალოვა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებები ქალები საკრებულოში და ზოგადად მუნიციპალიტეტშიც ნაკლებად არიან.
„გადაწყეტილებების მიმღები ქალები საკრებულოსა და მთლიანად მუნიციპალიტეტში რომ არ გვყავს, ეს ცხადია, თუმცა გვაქვს რაღაც წინსვლები და ნაბიჯები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. მე მხარს ვუჭერ, ღირსეული ვინც არის, ქალიც და მამაკაციც, თუმცა, რა თქმა უნდა, ქალებს უფრო მეტად დავუჭერდი მხარს“, - აღნიშნავს თამარ მურალოვა.
ვასილისა ჯაბახიძე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. იგი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი ქალი იყოს თანამდებობის პირი და გადაწყვეტილების მიმღები. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, მის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში, გამოირჩევიან სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებებით. მაგალითად, გორის მერის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის მოიხსენია, როგორც „პრეკრასნაია“.
„ეს ინფორმაცია ოპოზიციას ალბათ ამ ქალბატონმა მიაწოდა - ვასილისა პრეკრასნაია რომ გვყავს კარალეთში“, - განაცხადა იოსებ ჩალაურმა, ვასილისას ერთ-ერთი კრიტიკული განცხადების შემდეგ.
თავად ვასილისა მიიჩნევს, რომ ქალის როლი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ქალების მიზანსწრაფულობა, რბილი პოლიტიკა და მგრძნობიარობა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა.
„საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი გვქონდა დაცული. "ქართულ ოცნებას" რომ შევადაროთ, 34 წევრიდან სულ 4 ქალი ჰყავს შეყვანილი. ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი ქალი იყოს თანამდებობის პირი, ვინაიდან კაცები უფრო კარგ შემსრულებლებად ესახებათ ალბათ. ქალის როლი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია - ქალის, რომელსაც განათლებაც და გამოცდილებაც შესაბამისი აქვს. ქალების მიზანსწრაფულობა, რბილი პოლიტიკა და მგრძნობიარობა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა, თუნდაც სოციალური კუთხით პრობლემებს, თუნდაც იმ გენდერულ პრობლემებს, რაც დღეს ქალაქშია“, - ამბობს ვასილისა.
საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ქალების ჩართულობის ზრდის დინამიკა ქვეყანაში არსებობს, თუმცა მისი აზრით, ხარისხობრივი მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა. წინა რესპონდენტების მსგავსად, ჩლაჩიძეც ამბობს, რომ ქალები ნაკლებად არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მისი აზრით, ქალების ჩართულობა უნდა გაიზარდოს სამშვიდობო პროცესებშიც.
„ჩვენი საკრებულოს სხდომა როდესაც იმართება, მართალი გითხრათ, პრეზიდიუმისკენ გახედვა არ მინდა, იმიტომ, რომ სამი მამაკაცი ზის და იქ არ არის ქალი წარმოდგენილი, თუმცა შესაძლებელია ბევრმა ქალმა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც მეტად წაადგება არამარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მთლიანად ქვეყანას. ქალების ჩართულობის გაზრდისთვის, ბევრი რამ უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ არჩევნებისთვის მოამზადონ ქალები, არამხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციებისთვის, არამედ სამშვიდობო პროცესებში ჩასართავადაც. სახალხო დიპლომატიის სფეროებში უფრო მეტად უნდა ისმოდეს ქალის ხმა“, - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.
 
თამარ თედლიაშვილი 2014-2017 წლების მოწვევის გორის საკრებულოს წევრი იყო. მისი თქმით, ამ პერიოდში 15 წევრიან საკრებულოში მხოლოდ 2 ქალი იყო, თუმცა თედლიაშვილის აზრით, ახალი მოწვევის საკრებულოში ქალების რაოდენობის ზრდა გამოიწვია იმან, რომ მუნიციპალიტეტები გაერთიანდა.
„თუ ვიყავით 15 წევრი, ახლა არის 40 წევრი და არის 7 ქალი. გენდერულ თანასწორობაზე საუბარიც აღარ არის. ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით პარტიებმა უნდა იაქტიურონ და წარადგინონ მეტი ქალი. ის კულტურაც რომ ქალი აირჩიო და ქალს ენდო, არის მოსახლეობაში ასამაღლებელი, მაგრამ პირველ რიგში, პარტიებმა უნდა მისცენ ქალებს საშუალება, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მოვიდნენ და კანდიდატებად წარადგინონ, ჩაწერონ სიის სათავეში და არა მოვალეობის მოხდის მიზნით, სიის ბოლოში“, - ამბობს თედლიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით, 2016 წელს თვითმმართველობის კოდექსში და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, სავალდებულო გახდა მუნიციპალიტეტებს ჰქონოდათ გენდერული საბჭოები და ამავდროულად, მუნიციპალიტეტში ყოფილიყო გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი.
 
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი ამბობს, რომ ვალდებულების განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავეს.
„ჩვენმა ორგანიზაციამ შეიტანა კანონში ცვლილებები, რომ მთელი საქართველოს მაშტაბით, სავალდებულო ყოფილიყო მუნიციპალური გენდერული საბჭოს შექმნა. 2016 წელს პარლამენტმა დაამტკიცა. შარშან ზაფხულში ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს ვალდებულება განეხორციელებინა. ქალები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სექტორსა და სეგმენტში, ბიზნესი იქნება ეს, ხელოვნება თუ სხვა“.
გენდერის საბჭო ახალი მოწვევის მუნიციპალიტეტში მუშაობს გასული წლიდან. გორის საკრებულოში, გენდერის კონსულტანტი, ნათია ომაძე ამბობს, რომ საბჭოს მიზანია, მუნიციპალიტეტში მოხდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია, საბჭო შედგება 21 წევრისგან - აქედან უმრავლესობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელია; მათგან მხოლოდ 1 წარმოადგენს არასამთავრობო სქტორსს, 4 კი - მერიას.
„ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის პროგრამები, პროექტები იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის. ასევე ქალებს და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. უწყება უნდა ეცადოს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყოს გენდერულად მგრძნობიარე; ასევე მნიშვნელოვანია მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზი“, - განმარტავს ომაძე.
ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად, საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობეს. ერთ-ერთი ასეთია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა" (IRI), რომელმაც ამ საკითხზე უკანასკნელი შეხვედრა გორში მიმდინარე თვეს გამართა. ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ შეხვედრის შემდეგ იმ გამოსავალზე ისაუბრა, რომელიც ქალებს გააძლიერებს პოლიტიკაში.
„მამაკაცების ცნობიერება უნდა გავზარდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მეორე პრობლემა არის ეკონომიკური გაძლიერების საკითხი - თუ ვიქნებით ეკონომიკურად ძლიერი, უფრო ადვილად მოვახერხებთ პოლიტიკურ მონაწილეობასაც და კიდევ, ერთი საკითხია, ქალების ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს“, - აცხადებს ნინო დოლიძე.
გორში, 2014 წლიდან არსებობს გენდერის მედიაცენტრი, რომლის გახსნის ინიციატორი „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ იყო. როგორც მედიაცენტრის კოორდინატორი ნათია ომაძე აცხადებს, ცენტრის გახსნის მიზანი იყო არჩევნებში ჩართულ მხარეებს - მათ შორის, ამომრჩევლებს - მიწოდებოდათ ცნობები გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მექანიზმებისა და მნიშვნელობის შესახებ.
„გენდერის მედიაცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერისა და არჩევნების, კონკრეტული კანდიდატი ქალების საარჩევნო პროგრამებისა და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების დაწესების თაობაზე“, - განმარტავს ნათია ომაძე.
საბოლოოდ, პოლიტიკაში ჩართული ქალებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც თანხმდებიან იმაზე, რომ როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, ქალები პოლიტიკაში სასურველი დოზით არ არიან ჩართულები.
 
 
 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი