გორში სად და რატომ ყრიან მოქალაქეები ნაგავს?

სექტემბერი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში კვლევა ჩატარდა, რომელმაც ქალაქში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გამოკვეთა.

გამოკითხულთა 31% უკმაყოფილოა მუნიციპალიტეტში სისუფთავის დაცვით, - ვკითხულობთ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც გორში დღეს მოეწყო. ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა 35% ფიქრობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ურნების დამატებაა საჭირო.

"ეს მეორეხარისხოვანი გზები რაც არის, იქით საერთოდ არაა სანაგვე ურნები და მანქანებიც არ შემოდიან, ამიტომ საკმაოდ შორი მანძილია ახლო ნაგვის ურნამდე და ისიც ყოველთვის სავსეა“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სად ყრიან მოქალაქეები ნაგავს?

"ჩემი მეზობლები პირდაპირ პარკებით ისვრიან ფანჯრიდან ნაგავს და მთელი ეზო და კორპუსის უკან მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია“, - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

"სოფლის მურნეობის და საყოფაცხოვრებო ნარჩენები რაც იწვის, იმას ვწვავთ. რისი დაწვაც რთულია, იმას მდინარის პირას ვყრით ხოლმე“, - ამბობს მეორე. 

"გადავიხდი ნაგვის მოსაკრებელს, მაგრამ უფრო მეტს მოვთხოვ ხელისუფლებას, რომ ორ დღეში ერთხელ მაინც გაიტანონ ნაგავი და ურნები იყოს ყველა უბანში“, -ამბობს კიდევ ერთი გამოკითხული. 

რაც შეეხება უკანონო ნაგავსაყრელების არსებობას, როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამოკითხულთა უმრავლესობა ნაგვის გადაყრის ადგილად ქალაქშიც და სოფელშიც ძირითადად მდინარის ნაპირებს ასახელებდნენ.

"ქალაქში ეს იყო ლიახვის სანაპირო ზოლი, სადაც ქალაქის ნაწილში განთავსებულია აგრარული ბაზარი, ხოლო სოფლებში ყველა მდინარისა და არხის სანაპირო ზოლი იყო დაბინძურებული", - წერია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში, ორგანიზაცია "ქართლოსმა" 400-მდე ადამიანი ქალაქის მასშტაბით ყველა დასახლებაში და 6 სოფელში (კარალეთი, კოშკა, მერეთი,ახრისი, ახალუბანი , გარეჯვარი) გამოკითხა. მათი ნაწილი (13%) ფიქრობს, რომ გარემოს სწორედ სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა აბინძურებს.

მაშინ, როდესაც ურნა სავსეა, გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ნაგავს ურნასთან ტოვებს; 23%-ს უკან მიაქვს და ურნის გამოთავისუფლებას ელოდება; 2% კი ეძებს ადგილს ნაგვის გადასაყრელად.

39% ამბობს, რომ მათ თემში სტიქიური ნაგავსაყრელები არსებობს, რაც როგორც ირკვევა, მხოლოდ არასაკმარისი ურნების ფაქტით არაა განპირობებული.

გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენებთან დაკავშირებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია დღეს ორგანიზაცია "ქართლოსმა" დემოკრატიის სკოლაში მოაწყო. პროექტი "სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე" ქართული მედია ჯგუფის პარტნიორობით ხორციელდება. ჩატარებული კვლევა კი პროექტის ფარგლებში გაწერილ ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს.

კვლევა განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი