გორის სკოლებში, სასწავლო პროცესისას, კარი იკეტება - რატომ არ მოსწონთ ეს მოსწავლეებს?

სექტემბერი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესის დროს, სკოლის კარი იკეტება. მანდატურები მოსწავლეებს სკოლიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ეს ვითარემა მოსწავლეების ნაწილს არ მოსწონს.

არის შემთხვევები, როდესაც მოზარდები სკოლის ღობეზე ხტებიან და ამ ფორმით ტოვებენ ტერიტორიას.

რადიო “მოზაიკა“ გორის საჯარო სკოლის რამოდენიმე მოსწავლეს ესაუბრა. მათი ნაწილი კარის ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, ეს მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის არ კეთდება.

"ვისაც გასვლა უნდა სკოლიდან, მაინც გადის. ღობეებიდანაც ხტებიან ბავშვები", - გვეუბნება მეექვსე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

სკოლის დატოვების უფლებას არც გორის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს აძლევენ. როგორც ისინი ამბობენ, გარეთ გასვლა საკვების შესაძენათ სურთ ხოლმე.

"ჩვენ სკოლასთან ახლოს არის საცხობი და იქ გვინდა ხოლმე მისვლა, მაგრამ არ გვიშვებენ და იძულებულს გვხდიან, ბუფეტში ვიყიდოთ რაღაცები", - გვეუბნება ამ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

"ბუფეტში ნაკლები არჩევანია და გვირჩევნია გარეთ გაგვიშვან და იქ ვიყიდოთ", - ამბობს მისი თანაკლასელი.

ბუფეტებისთვის გამოყოფილ ფართები სკოლაში გაქირავებულია კერძო პირებზე. მოსწავლეები ეჭვობენ, რომ სკოლა მიზანმიმართულად ცდილობს, რომ მოსწავლეებმა საკვები ბუფეტში იყიდონ.

"ხშირად იყო საუბარი, რომ ბუფეტი დაიკეტებოდა, რადგან იქ თითქმის არავინ არაფერს ყიდულობდა. ახლა კი, ჩვენ გარეთ ვეღარ გავდივართ და სხვა გზა რომ არ გვაქვს, სკოლის ბუფეტშივე ვყიდულობთ", - გვითხრა მეცხრე სკოლის მოსწავლემ.

მოსწავლეთა პრეტენზიებს არ იზიარებენ სკოლის დირექტორები. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებს უბრალოდ გარეთ გასვლა უნდათ და ამისთვის სხვადასხვა მიზეზებს იგონებენ.

გორის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა მოსწავლე სკოლის ღობიდან გადახტა. მისი თქმით, ფაქტი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებიათ.

“გიდასტურებთ, რომ იყო შემთხვევა ჩემს სკოლაში, როდესაც ბავშვი ღობიდან გადახტა და დატოვა სკოლა. ამაზე მოვახდინეთ რეაგირება - დავიბარეთ მოსწავლე და მშობელი. კიდევ თუ ხდება, არ მაქვს ინფორმაცია, ჩემამდე არ მოსულა, აუცილებლად გავარკვევ. სკოლაში ბუფეტიც მუშაობს, მაგრამ ალბათ სხვა საჭიროებები აქვთ მოზადებს და ამიტომ გადიან გარეთ“, - თქვა სკოლის დირექტორმა.

რადიო "მოზაიკა" გორის მეორე საჯარო სკოლის დირექტორსაც ესაუბრა. გიორგი ბერძნიშვილის თქმით, ბუფეტში მოზარდებს ყველა საჭირო პროდუქტის შეძენა შეუძლიათ და შესაბამისად, სკოლიდან მათი გასვლის საჭიროება არ არის.

ამ საკითხზე გორი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც ვესაუბრეთ. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლებში კარი მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით იკეტება. მისივე განმარტებით, შენობაში არის ბუფეტი, სადაც მოზარდისთვის ჯანსაღი საკვები იყიდება, ამიტომ სასწავლო პროცესის დასრულებამდე მოსწავლის სკოლიდან გასვლის მიზეზს ვერ ხედავს.

"სკოლები რომ იკეტება, ეს ახალი არაა. მანდატურის სამსახურის პასუხისმგებელი პირის გარეშე, მოსწავლემ სკოლა არ უნდა დატოვოს. თუ რომელიმე მოსწავლე სკოლის ტერიტორიიდან გადის, ამას მოვიკითხავ, რადგან არ შეიძლება სასწავლო პროცესის დასრულებამდე მოსწავლემ თვითნებურად დატოვოს სკოლა. ბუფეტები იმიტომ არის, რომ მოსწავლემ არ დატოვოს სწავლის პროცესი. სკოლა აიჯარებს ბუფეტებს, საკვები სკოლას არ შეაქვს, მაგრამ დირექტორი აკონტროლებს პროდუქტის ვარგისიანობას, არ იყიდება არაჯანსაღი საკვები. სამწუხაროდ, ზოგ მშობელს ურჩევნია მისი შვილი გავიდეს და არაჯანსაღი საკვები გარეთ მიირთვას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურზე და, ზოგადად, კონტროლზე ორიენტირებული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ისეთ ატრიბუტებზე, როგორებიცაა ვიდეო თვალთვალი და ჩხრეკა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი