კოტეჯი მისამართის გარეშე

ოქტომბერი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ლელო" და გუგუტიანთკარელი რაზმაძეები კოტეჯის დადგმის ადგილზე ვერ შეთანხმდნენ. 

დღის 12 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინ სატვირთო მანქანა გაჩერდა, რომელიც ხის ასაწყობი კოტეჯის მასალებით იყო დატვირთული. სატვირთო მანქანას საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი მოყვა.

ასაწყობი კოტეჯის მასალები გუგუტიანთკარელი რაზმაძეებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა კოტეჯის დადგმის ადგილზე ვერშეთანმხების გამო, "ლელომ" ის უკან დაიღო. 

"ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზნით - გავამაგროთ მიწა საოკუპაციო ხაზთან. კოტეჯი უნდა დაიდგას გუგუტიანთკარში და იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს", - რამდენჯერმე ითქვა "ლელოს" მხრიდან. 

რაზმაძეების ოჯახმა სახლი აგვისტოს თვეში დაკარგა - ის გუგუტიანთკარში ახლადგავლებული ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც, მამა-შვილმა მშობლიური სახლი საკუთარი ხელით დაშალა. "ბორდერიზაციის" შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარება ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა - მან ერთ თვეში ოჯახს ახალი კოტეჯი შეუძინა. 

„როგორც ისრაელში კიბუცები ცხოვრობენ და ამაგრებენ ეგრეთ წოდებულ საზღვარს ჰამასის რაკეტების ცეცხლქვეშ, ჩვენც უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ სწორედ იქ, გუგუტიანთკარში განთავსდეს ეს კოტეჯი. ველოდებით მიწის ნაკვეთს რომ გამოყოს სახელმწიფომ და ჩვენ ჩავიტანთ ამ კოტეჯს იქ."

გორის მერიასთან მიტანილი კოტეჯის სანახავად, დღეს რაზმაძეები ოჯახის არც ერთი წევრი არ მისულა. მათთვის "ლელოს" შეთავაზება კოტეჯის სოფელში დადგმის შესახებ, მიუღებელია.

"არ გვინდა გუგუტიანთკარში ცხოვრება. თან იქ თავისუფალი მიწები არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ეს კოტეჯი გორში დავდგათ", - ამბობენ რაზმაძეები. 

ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხოვრობენ - მათ ქალაქში სახლი იმ კომპენსაციით იყიდეს, რომელიც სახელმწიფოსგან ომით დაზარალებულ ოჯახებზე გაიცა. ახალი კოტეჯის ჩადგმა კი ოჯახს სწორედ ამჟამინდელი საცხოვრებლის მიმდებარედ სურს. 

გორის მერიასთან მისულ "ლელოს" წევრებს არც პოლიტიკური თანამდებობის პირები შეხვდნენ - იქ მყოფ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა. 

"კოტეჯის დასადგემლად, მიწის ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით, მერიაში წერილი არ არის შემოსული. ამის გარეშე, საკითხის განხილვა ვერ მოხდება", - თქვა ნათია მდინარაძემ. 

მერიის ამ პოზიციის პასუხად, "ლელოს" წარმომადგენელმა აქცენტი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბიუროკრატიული პროცედურები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადამიანების გამაგრების მნიშვნელობაზე მაღლა არ უნდა იდგეს. 

"თუ მაინცდამაინც ოფიციალური წერილის დაწერაა საჭირო, ამასაც ვიზამთ“.

საბოლოოდ, "ლელომ" მერიის მიმდებარე ტერიტორია ოფიციალური წერილის დაწერის გარეშე დატოვა. წასვლამდე კი ითქვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა მზად არის, კოტეჯი გადასცეს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გუგუტიანთკარში საცხოვრებლად სახლი სჭირდება. მიწის ფართის მოძიებაზე ზრუნვას კი, "ლელო" სწორედ ასეთი ადამიანის შერჩევის შემდეგ დაიწყებს. 

ამრიგად, 35 000 ლარად შეფასებული კოტეჯი დღეიდან ახალ პატრონს ელოდება.

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი