ნიკა ჩერქეზიშვილი და მისი მეგობრები ბავშვებისთვის, რომლებიც ოკუპაციის პირისპირ ცხოვრობენ

ოქტომბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიკა ჩერქეზიშვილის შემოქმედებას ახალგაზრდების უმეტესობა კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ის და მისი მეგობრები აქტიურად ხვდებიან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს და მათი ყოველდღიური ყოფის გამრვალაფეროვნებას ცდილობენ. 

ნიკა და მისი მეგობრები რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დადიან  და იქ მცხოვრებ ბავშვებთან სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ხელნაკეთი ნივთები მიაქვთ.

"ბოლოს რომ ვიყავი, ბავშვებს შევპირდი ხელნაკეთ ნივთებს, რომლებსაც ჩვენს პატარა სახელოსნოში ვაკეთებთ მე და ლაშა მარგიანი და რომლებიც თურმე ძალიან მოსწონთ. ეს იყო ზემო ნიქოზში გამგეობის შენობაში გახსნილ ბიბლიოთეკაში. ერთი პატარა ოთახია. როგორც მახსოვს, მარიამ  დევიძემ გააკეთა ბავშვებთან ერთად ერთ-ერთი პროექტით. დაახლოებით, ორი კვირის წინ წამოვედით მე და ლაშა ზემო ნიქოზის სკოლაში და ჩამოვიტანეთ ხელნაკეთი ნივთები. ასევე, დაახლოებით 40-მდე წიგნი, ძირითადად კლასიკური ლიტერატურა, და ძირითადად უფროსკლასელებისთვის“, - ამბობს ნიკა.

ნიკამ და ლაშამ ზემო ნიქოზში ჩასასვლელად სამი ტრანსპორტი გამოიცვალეს. როგორც ნიკა ამბობს, ბავშვებთან ჩასვლა და ნივთების ჩატანა საკუთარი ხარჯით უნდოდათ.  

“ისე მოხდა, რომ დიდხანს ვეღარ ჩამოვედი, უსახსრობის გამო, რადგან არანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა არ მქონდა ამ საქმეში. არც მიძებნია. ჩემი ხარჯით მინდოდა. მაგრამ ის დაპირება სულ მახსოვდა და მაწუხებდა. ამჯერად,  დიდხანს შევრჩით ზემო ნიქოზში. ბევრი ვილაპარაკეთ ბავშვებთან“, - გვიყვება ნიკა.

მეგობრების დახმარებით, მან ზემო ნიქოზის სკოლის ერთ-ერთი კედელიც მოხატა. მისი თქმით, ამის სურვილი ბავშვებმა გამოთქვეს და ზუსტად ის კედელი მოახატინეს, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა.

“ბავშვებმა გვთხოვეს მოგვეხატა სკოლის კედელი. როგორც გვითხრეს,  სკოლას ტყვიებიც ჰქონდა მოხვედრილი ომის დროს. ეს არ ვიცი, ზუსტად. ეს მათგან მოვისმინე. შევპირდით, რომ როგორც კი გვექნებოდა ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ჩავიდოდით და მოვხატავდით. ისე მოხდა, რომ გამოჩნდა ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი გიორგი გორგიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ თავისი მანქანით წაგვიყვანდა, წაგვეღო საღებავები და მოგვეხატა. ასეც მოვიქეცით. წამოვედით და მოვხატეთ“.

ზემო  ნიქოზის სკოლას, ნიკა ჩერქეზიშვილის აქტიურობის შემდეგ, საკანცელარიო ნივთები და წიგნებიც გაუგზავნეს.

“ეს ამბავი რომ გაიგო ჩემმა ძალიან ახლო ადამიანმა მარიამ თავაძე, ეს ამბავი გაახმოვანა სკოლაში, ეს არის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი "ანი - Zet". ამ სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მოაგროვეს უამრავი რამ - საბავშვო ლიტერატურა, ძალიან მაღალი ხარისხის, სულ ნარჩევი წიგნები, ასევე, საკანცელარიო ნივთები: რვეულები, სახატავი რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები, პლასტელინი, სახაზავები და ა.შ.“, - ამბობს ნიკა.

სამომავლოდ ნიკა და მისი მეგობრები ზემო ხვითის სკოლაში მისვლას გეგმავენ. ისინი აპირებენ, რომ შეძლებისდაგავარად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ესტუმრნონ. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი