პროკურატურას ადვოკატის საქმიდან ჩამოშორება სურს

ოქტომბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი. მასთან ერთად გამოკითხვას ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათი აზრით, ადვოკატის გამოკითხვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფს ეხება დაუშვებელია. არგუმენტად კი, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ა და ბ პუნქტი მოაქვთ, რომლის მიხედვით, ადვოკატი არ შეიძლება იყოს მოწმე იმ კონკრეტული გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მის საადვოკატო პრაქტიკას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, გორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატთა მოთხოვნა და ქამრალ ამჯანოღლი მაინც დაიკითხა.
„დღეს დაირღვა ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებები. გამომდინარე იქიდან, რომ მე სახელმწიფომ დამავალდებულა იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც მე, როგორც ადვოკატმა მივიღე კლიენტისგან და სხვა პირებისგან. საქმეს არ ჩამოვშორებულვარ, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ჩემი საქმიდან ჩამოცილება მომხდარიყო გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება მოგროვილი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებდა და მარტივად, რომ საქმისგან მოვშორებულიყავი, ეს ნაბიჯი ამიტომ იქნა გადადგმული. ამ წუთის მდგომარეობით, საქმიდან აცილებული არ ვარ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მიიღებს აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, - ამბობს ქამრან ამჯანოღლი.
მედიასთან ამჯანოღლი იმ საქმის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, რომელზეც მისი დაკითხვა მოხდა. ამჯანოღლისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი დავით ძნელაშვილი ამბობს, რომ ადვოკატმა ამჯანოღლმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინა, რაც მისი საქმიდან ჩამოცილების საფუძველია. კონკრეტულად რა სახის ზემოქმედებაზეა საუბარი, ძნელაშვილი არ აკონკრეტებს.
„ვინაიდან, ადვოკატმა ქამრალ ამჯანოღლმა განახორციელა გარკვეული სახის ზემოქმედება პატიმარ ვ.მ-თან, შესაბამისად, აღნიშნულმა მოგვცა საფუძველი იგი დაგვეკითხა მოწმის სტატუსით და იგი ჩამოცილებულიყო, როგორც ადვოკატი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი საქმიდან აცილების საკითხი“, - ამბობს პროკურორი დავით ძნელაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ონისე მარღიანი ამბობს, რომ გორის სასამართლომ კანონი დაარღვია, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება ასოციაციის მხრიდან.
„სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვადასტურებდით, რომ ქამრალ ამჯანოღლის დაკითხვით დაირღვეოდა სისხლის სამართლის კოდექსი. სასამართლომ არ გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა ჩვენ ვრჩებით იმავე აზრზე. არც ჩვენების მიცემა არ იყო პრობლემა, უბრალოდ ჩვენ ვცდილობდით ეს ყველაფერი მომხდარიყო მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, - ამბობს ონისე მარღიანი.
როგორც ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან გახდა ცნობილი, ქამრალ ამჯანოღლის დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და საქმიდან მისი ჩამოცილება სწორედ ამ მიზეზის გამო სურთ. ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, ამჯანოღლი 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბეულ მოქალაქეების ინტერესებს იცავს. ასევე ამჯანოღლი იცავდა იმ სტუდენტის ინტერესებს, რომელსაც ლექტორმა ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი