სოფლად მცხოვრები 3 ქალი - ბავშობის ოცნებები და ყოველდღიურობა

ოქტომბერი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს - ისინი დილით ადრე დგებიან, ფუსფუსებენ სახლში, უვლიან ბაღებს და ოჯახის წევრებზე ზრუნავენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში.
რადიო “მოზაიკა“ გიამბობთ ქალაქს მიღმა მცხოვრები ქალების ბავშვობის ოცნებებსა და წლების შემდეგ არსებულ მათ რუტინულ შრომაზე.
შუშანა 53 წლის, სოფელი თედოწმინდა:
“ბავშვობაში მძღოლობაზე ვოცნებობდი, სამომავლოდ მანქანის ყიდვა მინდოდა, ეს იყო ჩემი ოცნება. მომწონს ქალი საჭესთან და სამხედრო ფორმაში. სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი, გავთხოვდი და ოჯახი შევქმენი. ჩემი დილა ადრე იწყება. ოჯახში, როგორც წესი, საჭმელი მზად უნდა იყოს. ჩაის ვსვამ და საუზმის შემდეგ ვიწყებ საქმეებს სახლში, შემდეგ ბაღში - ეს არის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. საქონელი და ბაღი გვაბადია, თავს მხოლოდ ამით ვირჩენთ. არ არის ისეთი პირობები, რომ წინ წავიდე, სამუშაო არ არის, არაფერი... ეს არის ჩვენი ცხოვრება და გაჭირვება.“
ნია 55 წლის, სოფელი ბოშური:
“ტექნიკურის დამთავრების შემდეგ, მინდოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, მაგრამ გავთხოვდი. ჩავთვალე, რომ ოჯახი იყო ჩემთვის მთავარი. რომ შემეძლოს, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. ბუნებით ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცების მეშინია. ალბათ უფრო მეტს გავბედავდი. ასე ადრე არ გავთხოვდებოდი, რადგან ვთვლი, რომ ხელი შემეშალა გარკვეულწილად ჩემი ოცნებების განხორციელებაში. ჩემს სოფელში ქალები, ბაღების და მიწის ნაკვეების გარდა, არაფრით არ არიან დაკავებულები. პირადად მე, პატარა მეურნეობა მაქვს, არაფერს არ ვყიდულობ, რაც შეიძლება რომ მოვიყვანოთ. ვამაყობ, რომ სოფლელი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე და აქვე გავთხოვდი“.
თამარი 75 წლის, სოფელი ოლოზი
“დილით რომ თენდება დღე,, ჯერ თავს მოვუვლი, მივირთმევ რაც საჭიროა, ყავას დავლევ და მერე ვიწყებ საქმეებს. მთელი დღე ვტრიალებ, რაღაცას ვაკეთებ, მერე შევბრუნდები და ვიწყებ ფიქრს, ხვალისთვის რა უნდა გავაკეთო. 1990 წლიდან ჩემი მეუღლე აღარაფერს აკეთებდა და სულ ჩემი სარჩენი იყო ოჯახი. ვვაჭრობდი, ხან ვყიდიდი, ხან ვყიდულობდი, ხან ბავშვს ვუვლიდი და ხან დიდს... ქალი არ არის სუსტი არსება, ახლაც რომ გამიშვან, ორ-სამ ახალგაზრდას მუშაობაში ვაჯობებ. ისეთი დროა ახლა, ქალებს უფრო უწევთ დატვირთვა, ვიდრე მამაკაცებს. მოხუცი ვარ და ახლაც რაღაცებს ვეწვალები.“
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალური სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ეს დღე საზოგადოებას ახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი