დახრჩობის მცდელობა, მუქარა, ცემა - ოჯახში ძალადობის 3 ამბავი გორის სასამართლოში

ოქტომბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ბოლო 1 თვის განმავლობაში, გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის 3 შემთხვევაზე გამოიტანა განაჩენი, რომლიდანაც ბრალდებული 2 შემთხვევაში გამტყუნდა.
ამბავი 1
ბლაგვი საგნით მიყენებული ნაჭდევი მოსამართლემ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გერმანე დადეშქელიანმა გაამართლა ადამიანი, რომელიც მეუღლის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ა.ხ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.გ-ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მიუხედავად ამისა, დაზარალებულს მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, თუმცა სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ნამდვილად აღენიშნებოდა სახეზე ნაჭდევი, რომელიც ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.
გამომდინარე იქიდან, რომ არც დაზარალებულმა და არც ბრალდებულმა ჩვენებებში არ დაადასტურეს ძალადობის ფაქტი, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მოქალაქე ა.ხ გაამართლა.
"მოცემულ შემთხვევაში, არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის იყენების და მით უფრო, ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის არსებობის ფაქტი. ამდენად, ა.ხ. უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში", - ვკითხულობთ განაჩენში.
ოჯახში სავარაუდო ძალადობის შემთხვევა 2019 წლის12 აპრილს მოხდა. სასამართლომ გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ მიიღო.
 
ამბავი 2
გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე იმსჯელა, სადაც მამაკაცის მიერ ცოლზე მიყენებული ძალადობის ფაქტები განიხილეს. საუბარია ერთ-ერთი სოფლის ცხოველების სადგომში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც მეუღლეებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. შემთხვევა 22 საათზე მოხდა. დაკავებულ მეუღლეს ბრალი ორ ეპიზოდში ედებოდა.
"დაახლოებით 22 საათზე, მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო, მეუღლეს რამდენჯერმე მოუჭირა ხელები ყელში, რის შედეგად ქალმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, იგივე პიროვნება მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში", - წერია გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ მიუჩნევია.
ძალადობისთვის დაკავებულ მამაკაცს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა, 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულს ასევე 2 წლის ვადით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის - გლუვლულიანის) შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებულია - ავტომანქანა "ოპელი“, რომელიც მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს, ხოლო- თოფი, ვაზნები და მასრები - შსს-ს შეიარაღების შესაბამის სამსახურს გადაეცა.
 
ამბავი 3
2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, ნ.ა-ს საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო, კ.კ-მ ყოფილ მეუღლეს - ხ.ა-ს ხელი დაარტყა სახეში. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა კ.კ-მ აღიარა დანაშაული, რის გამოც მოსამართლემ ეს ყველაფერი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.
„მას შეურიგდა დაზარალებული და პრეტენზია არ აქვს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ასეთ პირობებში, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი კ.კ.-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება”, - წერია მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განაჩენში.
აქედან გამომდინარე, ბრალდებულს მოსამართლემ 1-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი