Back to Top
პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 13:45

არჩევანი სამოქალაქო აქტივიზმსა და სამსახურს შორის

Rate this item
(0 votes)
ერთ-ერთი, ვინც სამსახურის დაკარგვას საკუთარ სამოქალაქო პროტესტს უკავშირებს, გორელი ნიკა წიქარიძეა. ის მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა. 
გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა წიქარიძემ ა(ა)იპ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში თითქმის ორი წელი იმუშავა. სამსახურიდან მას შემდეგ გამოუშვეს, რაც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთო. 
 
"
„ჩემი სამსახურიდან გამოშვება მოხდა მოულოდნელად. არანაირი წინაპირობა და სამზადისი არ ყოფილა, რომ განწყობა შემქმნოდა, რომ სამსახურიდან შეიძლებოდა გამოვეშვი დირექტორს, თუმცა ეჭვები მუდმივად მქონდა, ვინაიდან და რადგანაც აქტიურად ვიყავი ჩართული „სირცხვილიას" აქციებში. დირექტორმა მითხრა, რომ ჩემთან ხელშეკრულებას წყვეტდნენ, რომელსაც წესით წლის ბოლომდე ჰქონდა ვადა. საბოლოოდ კი, სამინისტროში შეიქმნა რაღაც პრობლემებიო, ასე მითხრეს“.
 
ნიკა წიქარიძისთვის დირექტორს სხვა განმარტება არ მიუცია. როგორც თავად ამბობს, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და შესაბამისად, საყვედური და გაფრთხილება არასოდეს მიუღია.
"
„მანამდე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა ჩემი მისამართით. მერე მითხრეს რაღაც მიზეზი, თითქოს აქტიური არ ვიყავი, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მევალებოდა და გარკვეული ინიციატივებიც მქონდა გამოთქმული. გაფრთხილება ან შენიშვნა არ ყოფილა მანამდე. ასეთი რამე რომ ყოფილიყო, ნამდვილად გამიჩნდებოდა იმის განცდა, რომ შესაძლოა სამსახურიდან გაშვების კანდიდატი ვყოფილიყავი. ყოველგვარი შენიშვნის გარეშე გამომიშვეს სამსახურიდან“.
 
ნიკა წიქარიძე მიიჩნევს, რომ სისტემამ განსხვავებული პოზიციის გამო დასაჯა. მისი აზრით, განსხვავებული პოზიცია და ინდივიდუალიზმი აშინებს და აფრთხობს ადამიანებს, რაც ნაკლებად თავისუფალი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
„როდესაც შენ იკავებ განსხვავებულ პოზიციას, შენს ინდივიდუალიზმს ამჟღავნებ და არ ჯდები კოლექტიურ აზროვნებაში, ეს თითქოს აფრთხობს და აშინებთ ადამიანებს. ეს ნაკლებად თავისუფალი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ის წარსული, როცა კოლექტიური აზრი იყო მიღებული და ინდივიდუალიზმი იდევნებოდა, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ფასადაც კი“.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ფიქრობს, რომ ნიკა წიქარიძეს აუცილებლად უნდა მიემართა სახალხო დამცველისთვის და სასამართლოსთვის. ასევე, ბებიაშვილის განმარტებით, აუცილებელი იყო წიქარიძეს მიეღო კონკრეტული განმარტებები ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„მას უნდა ჩაბარებოდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ, სადაც უნდა ყოფილიყო დასაბუთებული გათავისუფლების მიზეზები და რა თქმა უნდა, თუ ფიქსირდება პიროვნების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი, ამაზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა. წიქარიძეს შეეძლო მიემართა სახალხო დამცველისთვის დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად, თუ სასამართლო არ უნდოდა, რადგან იქ ბაჟის გადასახადია. თუ სახალხო დამცველის მიერ მოხდებოდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მაშინ მას ჰქონდა უფლება სასამართლოს გზით, მოეთხოვა კომპენსაცია და სამსახურში აღდგენა“, - განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.
თავად ნიკა წიქარიძემ სასამართლო დავაზე უარი განაცხადა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამით იმ ადამიანებს შეუქმნიდა პრობლემებს, ვისთანაც წლებია მეგობრობს.
„მე გავიარე კონსულტაციები იურისტებთან. დავის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რასაც მივიღებდი, ორი თვის ხელფასი იქნებოდა. ჩავთვალე, რომ დავას აზრი არ ჰქონდა. იმ სამსახურთან, რომლიდანაც გამომიშვეს, დიდი პრეტენზიები არ მქონდა, რადგან თავადაც შეწუხებულები იყვნენ ჩემი გათავისუფლებით. მივხვდი, რომ ეს ადამიანები იყვნენ დირექტივების „მსხვერპლი“, რომლის შესრულებაც მოუწიათ სამინისტროსგან. შესაბამისად, დავა, რომელიც შეიძლებოდა გაწელილიყო დიდხანს, ნაკლებად ღირებული იყო ჩემთვის მატერიალური თვალსაზრისით. და თან შესაძლოა იქ ისეთ ადამიანებს შექმნოდათ პრობლემა, ვისთანაც წლების მეგობრული ურთიერთობა მქონდა“.
წიქარიძის აზრით, ღირსეული ნაბიჯი იყო, რომ დავა სასამართლოში არ გააგრძელა.
„ავიღე მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რომ არ ღირდა ბრძოლა მაგ ყველაფრისთვის, რადგანაც არის რაღაც საკითხები, როცა შენ შეიძლება მოგექცნენ უსამართლოდ, მაგრამ შენ შესაძლებელია დადგე უფრო მაღლა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იყო, რომ არ ვიდავე და დავანებე თავი ამ საკითხს“.