საარსებო მინიმუმი და 1 დღე გორის ბაზარში

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე 

სოფლის პროდუქტებზე ფასების მატება მყიდველებთან ერთად, გამყიდველებსაც აზარალებს. 

,,საკუთარი ხელით გავამზადე ბადაგი, ჩურჩხელა, მწვანილი, ყველი. ბაზარში წასვლამდე, წინა საღამოს, ყოველთვის საგულდაგულოდ ვემზადები“, -ამბობს თინა აბულაძე. ის 75 წლისაა. 

თინა აბულაძე გორი სბაზარში, ყოველდღიურად ხელთუბნიდან დადის. ქალაქში გასაყიდად საკუთარი ხელით მოყვანილი და მომზადებული პროდუქტი ჩამოაქვს. 75 წლის მოხუცი დილის 8 საათზე უკვე დახლთან დგას და პირველ მყიდველ სელოდება. ხანდახან, მთელი დღის ნავაჭრი 10 ლარს არ სცდება.

,,ხუთი კონა ქინძი გავყიდე და ორი კონა ნიახური. ცოტა წინჭარიც იყიდეს. 1 ლარი გადამიხადეს. მეტს ვერ ვყიდი ვერაფერს. საღამოს უკან წასაღები გამიხდება ვიცი და წინასწარ ვნერვიულობ. რა გავაკეთო? გაჭირდა ცხოვრება, შვილო ...“ - გვითხრა თინა ბებომ.

მყიდველების სიმცირეზე სხვა გამყიდველებიც ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ ფასების მატებასთან ერთად, მყიდველის რაოდენობა მცირდება. არ იციან, ეს პრობლემა როგორ მოაგვარონ, რადგან ფასების შემცირება არ შეუძლიათ.

,,ხალხს უჭირს ცხოვრება, რა გააკეთონ? ფული რომ არ აქვთ, ბუნებრივია ეკონომიას ეწევიას. რას იყიდიან. აბა?!“ - კითხულობს ხილის გამყიდველი, რომელიც ბაზრის შესასვლელთან ვაჭრობს.

,,ოც კაპიკად ვეხვეწები, რომ მწვანილი იყიდონ. მაინც არ უნდათ. ხალხი არჩევანს სხვა პროდუქტზე აკეთებს. ბანკის ვალი გვაქვს. გადახდა ხომ უნდა?! ვინ გაპატიებს? იძულებულები ვართ, სხვა ვალი ავიღოთ. ეს ცხოვრებაა?!" - ამბობს კიდევ ერთი გამყიდველი.

ერთ-ერთი მყიდველი ნაზი გულიაშვილია. მის ოჯახს საარსებოდ, დღეში, დაახლოებით 30 ლარი სჭირდება. როგორც ამბობს, ამ თანხით ძირითადად საკვებ პროდუქტს და სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებს ყიდულობს.

,,სულ 30 ლარით წამოვედი ბაზარში. ხორცი და ბოსტნეული ვიყიდე. ბორშჩის გაკეთება მინდა. ხურდებით ვბრუნდები სახლში. ნაყიდი თითქოს არაფერია. მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ. შემოსავალი დევნილობის შემწეობაა და არ გვყოფნის, ამიტომ მე ვეწვალები, ქათმებს ვყიდულობ და ვყიდი“, - გვითხრა ნაზი გულიაშვილმა.

მყიდველებისთვის მოვაჭრეთა მდგომარეობა უცხო არ არის. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისინიც მსგავს დღეში არიან და სახარჯო ფულის შოვნა დღითიდღე უჭირთ. ისინი, ვინც ამაზე წუხან, ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები არიან.

,,ამ ასაკში ისევ ვმუშაობ. 200 ლარ ხელფასზე. მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, პენსიაც გვაქვს. 560 ლარია ჩვენი შემოსავალი და ვცდილობ, მთელი თვის განმავლობაში ეს თანხა, შეძლებისდაგვარად რაციონალურად გავანაწილო“, - ამბობს ნათელა სვანაძე.

2018 წლიდან, საქართველოში, საარსებო მინიმუმი 282 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება ოჯახის ტიპებს - ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 238 ლარია. სამსულიანის - 268 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა კი 297 ლარს მიაღწია. ეს მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი