გორის მერიამ კომპენსაციამიღებული თანამშრომლები დაასაქმა

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში კომპენსაციამიღებული ადამიანები მუშაობენ.

გორის მერიის ინფორმაციით, კომპენსაციისთვის საერთო ჯამში 84 120 ლარი გაიცა. რადიო "მოზაიკამ" იმ ინფორმაციის მოპოვება შეძლო, სადაც თანამდებობების რაოდენობის მიხედვით გაცემული თანხებია მითითებული.

ირმა პაპიძემ სამსახურის გარეშე დარჩენილი სხვა თანამშრომლების მსგავსად, კომპენსაცია მიმდინარე წლის იანვარში აიღო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლისთვის ახალმა ადმინისტრაციამ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილი ვეღარ გამონახა და კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ დროებით, თანამდებობის დატოვებას დათანხმდა. თუმცა მისი განმარტებით, ეს თანხა ახალმა მერიამ კანონით განსაზღვრულ ვადებში არ გასცა.

კომპენსაციის საკითხის აქტუალიზება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მას შემდეგ დაიწყო, რაც მობილობის პრინციპის განხორციელებამ მათში ეჭვები წარმოშვა. კერძოდ, ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ მერიაში ისეთ თანამშრომლებს გააგრძელებინეს მუშაობა, რომლებსაც სამუშო ადგილის დატოვების სანაცვლოდ, კომპენსაცია უკვე მიღებული ჰქოდნათ, რაც მისივე განმარტებით, კანონს ეწინააღმდეგება.

გორის მერიაში კანონდარღვევის ნიშნებს აღნიშნულ ქმედებაში ვერ ხედავენ. უწყების იურისტი გიორგი ბატონისაშვილი ამბობს, რომ მერიაში კომპენსაცია მიღებული 2 თანამშრომელი მართლაც არის დასაქმებული. ბატონისაშვილის განმარტებით, მათი სამსახურში დანიშვნა რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ღია კონკურსში შერჩევის საფუძველზე მოხდა. მისივე განცხადებით, რაიმე გადაკვეთას ან კანონთან შეუსაბამობას ეს გარემოება კატეგორიულად გამორიცხავს.

მერის იურისტს არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. ლექსო მერებაშვილი, საქმის ძირეულად შესწავლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენასაც არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და დაასკვნას, რამდენად მიზნობრივად გაიცა ბიუჯეტიდან კომპენსაციისთვის გაწერილი თანხები.

თავის მხრივ, ოპოზიცია აპირებს დააზუსტოს, რა სახის კავშირები არსებობს მერიაში მომუშავე კომპენსაციამიღებულ ადამიანებსა და მაღალჩინოსნებს შორის. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი