"აქაურობა პატარა გორს დაემგვანა" - გორელი ქალები ემიგრაციაში

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. 

 ,,ეს მონატრება მთელ ორგანიზმს გვინგრევს, აქედან ჯანმრთელებს ჩამოსვლა გაგვიჭირდება“,ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ნონა ოხანაშვილი.

მან ქვეყანა სამი წლის წინ დატოვა. საკუთარი ოჯახის ნაცვლად, ის ახლა ერთ-ერთი სახლის დიასახლისი თურქეთშია. როგორც ამბობს, ეს გადაწყვტილება სოციალური პრობლემების გამო მიიღო. 

,,ჩემმა შვილმა უნივერსიტეტში ისე ჩააბარა, მე მანდ არ ვიყავი. რომ ვეტყვი, დედი ხომ არაფერი გინდა, არა დედი, ოღონდ შენ ჩამოდიო, მპასუხობს. ბავშვიც ვერ ძლებს. იმისთვისაც გაუსაძლისია. შვილს და ოჯახს მოწყვეტას არავის ვუსურვებ. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს სამშობლოსგან შორს ცხოვრება. აქ რომ ქართულ ლაპარაკს გავიგონებ, გავიქცევი და უცნობ ადამიანს ჩავეხუტები ხოლმე. ამას მხოლოდ ემიგრანტი გაიგებს. კიდევ კარგი კვირაში ერთი დღე გვაქვს, როდესაც ქართველები ერთმანეთს ვნახულობთ და თავი საქართველოში გვგონია “, ამბობს ნონა.

გორელი ქალების დიდი ნაწილი სამუშაო ადგილად ძირითადად თურქეთს ირჩევს. ნონა ოხანაშვილის მსგავსად, ქალაქ ბურსაში მუშაობს ქეთევან ცუცქირიძეც. ის უკვე რვა წლია, ადგილობრი ოჯახის 4 სართულიან ვილას უვლის. სხვების მსგავსად უცხო ქვეყანაში, ისიც მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ წაიყვანა. იქ მცხოვრებმა ქართველებმა ხუთშაბათი ერთმანეთთან შეხვედრის დღედ გამოაცხადეს და ყოველკვირეულად, რამდენიმე საათს ერთად ატარებენ. როგორც ამბობენ, მხოლოდ ამ დროის განმავლობაში ივიწყებენ უსიამოვნო რეალობას. 

,,ოთხსართულიან ვილას ვალაგებ 8 წელია. 500 დოლარს ვიღებდი აქამდე, ორი წლის წინ კი 600 დოლარი გამიხადეს. აქ ოჯახის გადასარჩენად წამოვედი. საქართველოც გადავარჩინეთ ჩვენ -ემიგრანტებმა. ჩვენ აქ ვეწვალებით, ვშრომობთ და აქ ნაშოვნ ფულს მანდ ვხარჯავთ. ჩვენ გმირი ქალები ვართ. აქ ერთმანეთს ვუდგავართ მხარში. რომ ჩამოხვიდეთ, აქაურობა პატარა გორი გეგონებათ, იმდენი თანაქალაქელი ვართ ერთად“, - გვეუბნება ქეთევანი.

კიდევ ერთი ემიგრანტი თამარია. მომავალი მეუღლე მან სწორედ იმ ოჯახში გაიცნო, სადაც მოახლედ მუშაობდა. ემიგრაციაში ყოფნისას, მასზე დაქორწინდა და უცხო ქვეყანაში ახლა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

,,ყველამ კარგად იცის, რატომ უწევს ქართველ ქალს ქვეყნის დატოვება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. გაჭირვებამ გადამაწყვეტინა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წამოსვლა. 6 თვე მოსამსახურედ ვმუშაობდი ოჯახში. შემდეგ ჩემი დამქირავებლის ერთ-ერთ შვილს გავყევი ცოლად. ახლა მყავს ორი შვილი და ბედნიერად ვცხოვრობ. ბევრად უკეთესად ვიდრე მანდ - საქართველოში“, - გვითხრა თამარმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი, გასულ წლებთან შედარებით საგრძნობდად გაზრდილია. 2017 წელს ქვეყნიდან წასულების რაოდენობამ 100 ათასამდე მიაღწია. მათი უმრავლესობა ქალია.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი