Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 13:36

რა უნდა ეწეროს და რა წერია ა(ა)იპ-ების შესახებ გორის მერიის ვებ.გვერდზე?

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 11 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული, თუმცა საკუთარ ვებ.გვერდზე უწყებას ნახევარი წლის წინ შექმნილი ა(ა)იპ-ის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს დამატებული - მერიის საიტზე გამოქვეყნებულ ა(ა)იპ-ების ჩამონათვალში ტრანსპორტის სააგენტო დღემდე არაა შეტანილი.

 

 

რა უნდა ეწეროს ა(ა)იპ-ების შესახებ გორის მერიის ვებ.გვერდზე?

 

„ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეძლოს ა(ა)იპ-ის საქმიანობის შეფასება“, - ამბობს დაკო მურადაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.

 

მისი თქმით, გამჭვირვალე მმართველობა თავისთავად გულისხმობს საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯების ეფექტიანობის შეფასებაში დაეხმარება.

 

„ა(ა)იპ-ების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით შეუძლებელია განსაზღვრო მათი არსებობის საჭიროება. მოქალაქეს აწვდიან მხოლოდ მწირ ინფორმაციას ა(ა)იპ-ს შესახებ, მაგრამ არსად არ წერია, კონკრეტულად რა გააკეთა ამ ორგანიზაციამ, რა თანხა მიიღო ამისთვის, რა კონკრეტული გეგმა აქვს და რა ეტაპზე ამ გეგმის შესრულების თვალსაზრისით“, - ამბობს მურადაშვილი.

 

ამ მოსაზრებას იზიარებს საიას წარმომაგდნელი ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, აუცილებელია საჯარო იყოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ა(ა)იპ-ს მუშაობის წარმატებულობა ფასდება.

 

„დაინტერესებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მარტივად გაუწიონ მონიტორინგი ა(ა)იპ-ების მუშაობას. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამათუ იმ გეგმის შესასრულებლად რა თანხა ჰქონდათ, როგორ დახარჯეს ის და რამდენად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა“, - ამბობს ბებიაშვილი.

 

არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ გორის მერიამ საკუთარ ვებ.გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს:

 

ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის პროექტები

ა(ა)იპ-ების მიერ შესასრულებელი კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი;

ა(ა)იპ-ების მიერ შესასრულებული სამუშაოების ანგარიში;

ა(ა)იპ-ების მიერ შესრულებული სამუშაობის შეფასების კრიტერიუმები.

 

„იმ ფონზე, როცა არათუ დაფინანსების გაზრდის საჭიროება, არამედ საერთოდ ამ ა(ა)იპ-ების არსებობის საჭირობაც კი საეჭვოა, აუცილებელია საჯარო იყოს ყველა ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს დაეხმარება დაინახოს, თუ რის ხარჯზე იღებენ ამა თუ იმ სერვისს ა(ა)იპ-ებისგან. მეტიც, თუ ეფექტიან მმართველობაზეა საუბარი, ნებისმიერი ა(ა)იპ-ის დაფუძნებაც და მისი საქმიანობაც საზოგადოებასთან უნდა სარგებლობდეს - მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რაში სურთ ბიუჯეტის თანხის დახარჯვა“, - ამბობს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი.

 

რა წერია ა(ა)იპ-ების შესახებ გორის მერიის ვებ.გვერდზე?

 

გორის მერია საკუთარ ვებ.გვერდზე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების შესახებ მწირ ინფორმაციას აქვეყნებს. საიტზე გამოქვეყნებული ტექსტები მხოლოდ ა(ა)იპ-ების ფუნქციებს, მათ განყოფილებების ჩამონათვალს და საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული განყოფილება

სივრცით მონაცემთა უზრუნველყოფის განყოფილება

______________________________________________________

 

სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური

სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული განყოფილება

საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება

წყალარინების, სარწყავი სისტემების ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების განყოფილება

სასმელი წყლის სისტემების მომსახურების განყოფილება

______________________________________________________

 

კეთილმოწყობის სააგენტო

სააგენტო დადგენილი უფლება- მოვალეობებით უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწოყობასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. სააგენტოს ამოცანებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, მოსახლეობისგან და ორგანიზაციებისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და   უტილიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება; მუნიციპალური შადრევნების,   სკვერების, მოსაცდელების და სპორტული მოედნების  მოვლა - პატრონობა.  ზამთრის სეზონზე ქუჩების მოვლა-შენახვის განხორციელება, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.  მუნიციპალიტეტის იერსახეზე ზრუნვა, საჭირო ღონისძიებების გატარება. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საცხოვრებელი სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია.

ქუჩების განათება, შენობის დეკორაციების მინათება, გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია (შეკეთება, გამოცვლა, მონტაჟი) და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზების განხორციელება.

 

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული განყოფილება

გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განყოფილება

სასაფლაოების მოწყობისა და  მართვის განყოფილება

დასვენების პარკი "ახალბაღი"

პარკირების განყოფილება

გარე განათების განყოფილება

ტრანსპორტის განყოფილება

სამშენებლო სარეაბილიტაციო განყოფილება

დასუფთავების განყოფილება

______________________________________________________

 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული განყოფილება

ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილება

______________________________________________________

 

საფეხბურთო კლუბი "გორი"

საერთაშორისო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩასატარებელ საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობისთვის უეფას ან/და ეროვნული ლიცენზიის აღება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - განვითარება უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად.

 

კლუბის სტრუქტურული ერთეულებია:

ფეხბურთის გუნდი გორი

გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლა

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი

______________________________________________________

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო

სააგენტო სტრუქტურულად იყოფა განყოფილებებად, განყოფილებები -  სექტორებად.

სააგენტოს განყოფილებებია:

ადმინისტრაციული განყოფილება

ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარებს განყოფილება

სექტორები: ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, ანსამბლი "გორი", ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა

ტურიზმის განყოფილება

სექტორები: ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

მუზეუმების განყოფილება

სექტორები:სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბრძოლო დიდების მუზეუმი, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.

ბიბლიოთეკების განყოფილება

სექტორები: ცენტრალური ბიბლიოთეკა, ბავშვთა  ბიბლიოთეკა, მოზრდილთა ბიბლიოთეკა

სამუსიკო სკოლების განყოფილება

სექტორები: ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა,  კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის სახელობის სოფელ ხიდისთავის ხელოვნების სკოლა, სოფელ ატენის სამუსიკო სკოლა, სოფელ ტყვიავის სამუსიკო სკოლა, სოფელ ტირძნისის სამუსიკო სკოლა, სოფელ სკრის სამუსიკო სკოლა, სოფელ ხელთუბნის სამუსიკო სკოლა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლი

______________________________________________________

 

სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო

 

თავისი მიზნების განსახორციელებლად სააგენტო კანონით დადგენილი წესით:

ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, მართავს ტურნირებს,

სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს და მონაწილეობას იღებს, როგორც, საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დონის ღონისძიებებსა და  პროექტებში.

 

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები:

ადმინისტრაციული განყოფილება

ექსტრემალური სპორტის განყოფილება

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლა

ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურისპორტული სკოლა

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლა

გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა

 

______________________________________________________

 

გაზეთი გორის მაცნე

 

დადგენილი უფლება-მოვალეობებით  ა(ა)იპ - ი  უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას  გორის  მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული და მიმდინარე სამუშაოებზე, მოსახლეობაში არსებული აქტუალური პრობლემების გაშუქებას, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი  აქტების გაზეთში განთავსებას, სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან.

 

______________________________________________________

 

სპეციალური სერვისების სააგენტო

 

დადგენილი უფლება-მოვალეობებით სააგენტო უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიუსაფარი“ ცხოველების იზოლირებისა და სატრანსპორტო  საშუალებების  მოძრაობის შედეგად დაღუპული ცხოველის გვამების სპეციალურ ადგილებზე გატანა-დამარხვისათვის.

 

სააგენტოს მიზნებია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა.

 

 

სააგენტო უზრუნველყობს ცხოველთა ევთანაზიას  იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია დაადგენს:

ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);

ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;

გ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;

დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;

ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;

ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად,

ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).

 

ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, პათანატომიური გამოკვლევა.

 

სააგენტოს ეკრძალება ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: დახრჩობა, გაგუდვა, მოწამვლა, ელექტრო მუხტის გამოყენება, მექანიკური დაზიანების მიყენება, იძულებითი შიმშილი, წყურვილი, პნევმატური იარაღის გამოყენება, სხვა არაჰუმანური მეთოდები.

 

______________________________________________________

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით ვალდებულია:

ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის გადამდებ და არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკის, მავნე ჩვევათა კორექციის  შესახებ ლექცია-საუბრების ჩატარება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ტელევიზია, მასმედია, ბეჭდური მედია და ა.შ;

ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება;

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,  მათთვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდება;

საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (ე.წ. ,,სილამაზის სალონები’’) ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი, მათთვის აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდება სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით.

 

ინფორმაციისათვის:

 

2017 წელს გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია ჩატარდა, რაც ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციას და თანხების დაზოგვას გულისხმობდა. გორის სათემო რადიო "მოზაიკას" მიერ გრის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2017 წლის შემდეგ ეტაპობრივად იზრდება ა(ა)იპ-ების დაფინანსება და გასულ წელს ა(ა)იპ-ების ოდენობაც ერთით გაიზარდა.

 

 

ამავე თემაზე: გორის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები - ჟურნალისტური გამოძიება

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის".

პროექტს გორის სათემო რადიო "მოზაიკას" "ევროპის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Read 700 times Last modified on ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 13:28