Back to Top
ოთხშაბათი, 08 იანვარი 2020 13:56

გორში ჭალა-კვერნაკის და სადგურის დასახლებებს შორის სამარშრუტო ხაზის დანიშვნას ითხოვენ

თუ კი გორში ვინმე, ჭალა-კვერნაკის დასახლებიდან სადგურის მიმართულებით ან პირიქით, გადაადგილებას გადაწყვეტს, აღმოაჩენს, რომ სამარშრუტო ხაზი ამ მიმართულებებს არ გააჩნია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ამ მიმართულებით გადაადგილება. ასეთები არიან სტუდენტები და ისეთი ადამიანები, რომლებსაც მატარებლის სადგურით სარგებლობა ხშირად უწევთ.

რადიო „მოზაიკასთან" საუბრისას ჭალის დასახლებაში მცხოვრები ლელა ამბობს, რომ გორი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირება ყოველდღიურად უწევს, რადგან დედაქალაქში მუშაობს.

 

„ტაქსით რომ ვიარო უბრალოდ არ მეყოფა ის ანაზღაურება, რაც მაქვს. მატარებლით ვმგზავრობ, მგზავრობის საფასური 1 ლარია და წესით კმაყოფილი უნდა ვიყო, მაგრამ ყოველდღიურად მექმნება ჭალა-სადგურის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა. დილით ადრე ფეხით მივდივარ რისკის ფასად - უამრავი მიუსაფარი ცხოველი მხვდება გზად, პური მიმაქვს რომ აგრესიულები არ იყვნენ და არ მიკბინონ, მიწისქვეშა გადასასვლელი ხშირად დატბორილი მხვდება, რამდენჯერმე მატარებელმაც გამასწრო და სამსახურში მისვლა ვერ შევძელი. ჩემნაირ დღეში ბევრი ადამიანია.  ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა, როგორ შეიძლება რკინიგზის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდეს?!“, - ამბობს ლელა.

 

ლელას მსგავსად, თბილისის მიმართულებით გადაადგილება ხშირად უწევს მარიამსაც, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

 

„მშობლებმა ვერ შეძლეს თბილისში ბინის დაქირავება ჩემთვის და ყოველდღიურად დავდივარ მატარებლით. მგზავრობა კი ძალიან იაფია, მაგრამ დატანჯული ვარ კვერნაკიდან სადგურზე სიარულით, არანაირი სამარშუტო ტაქსი არ დადის, ასე როგორ შეიძლება? ხომ უნდა იფიქრონ სტუდენტებზეც? რა აზრი აქვს ასე, თუ კვერნაკიდან სადგურზე მისვლაში 3 ლარი გადავიხადე, გამოდის, რომ მატარებლით მგზავრობის სიკეთეებით ვერ ვისარგებლებ. 5 ლარი ტაქსით მგზავრობაც ღირს თბილისამდე“, - ამბობს მარიამი .

 

პრობლემები ექმნება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სადგურის დასახლებიდან კვერნაკისკენ უწევთ გადაადგილება. ნინო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. მის შვილს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, რის გამოც კვერნაკზე არსებულ ბავშვთა სამედიცინო ცენტრში უწევს მისვლა.

 

„სადგურიდან კვერნაკზე მისასვლელად მხოლოდ ტაქსით არის გადაადგილება შესაძლებელი, მცირეწლოვანი შვილი მყავს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად დავდივართ ბავშვთა სამედიცინო ცენტრში. ბავშვით ხელში ფეხით როგორ გადავაადგილდე?  არ ვიცი, არსად მინახავს ასეთი რამ,  რომ საავადმყოფომდე სამარშუტო ტრანპორტი არ მიდიოდეს ამხელა დასახლებიდან, იქნებ იზრუნოს ვინმემ ჩვენზეც“, -  ამბობს ნინო.

 

რადიო “მოზაიკა“ სამარშრუტო მძღოლებსაც გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი სამარშრუტო რეისი არ ყოფილა არასდროს. მიზეზი, თუ რატომ არ მოძრაობს ეს ხაზი, არ იციან.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 529 times Last modified on ოთხშაბათი, 08 იანვარი 2020 14:20