Back to Top
ხუთშაბათი, 09 იანვარი 2020 12:01

ხიდისთავში გაზი საზეიმოდ აანთეს, თუმცა მოსახლეობა ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობს

"ხიდისთავში ბუნებრივი აირის პრობლემა არ მოგვარებულა", - ადგილობრივების ინფორმაციით უბნებში, მხოლოდ მილები გაიყვანეს, მრიცხველები კი არ დაუყენებიათ. მათი თქმით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირით მხოლოდ რამდენიმე ოჯახი სარგებლობს.

"ტელევიზორში უცებ გამოაცხადეს, რომ ხიდისთავში გაზი გავიყვანეთო და მაგრამ რეალურად, რამდენიმე ოჯახმა შეიყვანა მარტო, აზნეთისკენ რომ მიდის გზა, მაგის ქვევით, რკინიგზის მხარეს დაქსელეს და რამდენიმე ოჯახს შეუყვანეს. წინა არჩევნების დროს, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ავირჩიეთ მაშინ გაიყვანეს გაზის მილები, პირადად ჩემი სახლის წინ ახლაც ტალახია, გზა დაზიანდა და არავის უზრუნია მის მოწესრიგებაზე".


"ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია გაზს და ნეტავი ეგ სახლი სად დგას, სადაც ანთების ცერემონია გაიმართა?! საჩვენებლად აანთეს და ამ დროს მოსახლეობა ისევ ვერ სარგებლობს".


“განცხადებების მიღებას არ ჩქარობენ რატომღაც, რამდენიმე უბნის მიიღეს მარტო, დანარჩენებს გვითხრეს, გეტყვით, როცა უნდა შემოიტანოთო“, - ამბობენ ადგილობრივები.


გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო "მოზაიკას" უთხრეს, რომ ხიდისთავში ბუნებრივი აირის მრიცხველების დამონტაჟება გაზმომარაგების კომპანიის კომპეტენციაა.


"მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს"სოკარ ჯორჯია გაზს", მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი, როგორც აბონენტის რეგისტრაცია", - გვითხრეს მერიაში.

 
რადიო "მოზაიკა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდა. როგორც გაზმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, უბნების გამრიცხველიანება ეტაპობრივად მოხდება.


“ხიდისთავში უბნების დაქსელვა დასრულებულია, ხოლო გამრიცხველიანება ეტაპობრივად მოხდება. იმისთვის, რომ მოსახლოება აბონენტად დარეგისტრირდეს, ადგილობრივ სერვისცეტრს განცხადებით უნდა მიმართოს“, - გვითხრეს “სოკარ ჯორჯია გაზში“.


ინფორმაციისთვის, ხიდისთავში ბუნებრივი აირი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გასული წლის დეკემბერში საზეიმოდ აანთეს.

 

ამავე თემაზე: დღეიდან ხიდისთავის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ექნება

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 665 times