Back to Top
ორშაბათი, 13 იანვარი 2020 16:20

გორში ველობილიკების მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადდა ​

გორში ველობილიკების მოსაწყობად, მერიამ მეორედ ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა მაშინ გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვა ვერ შეძლო.

 

ევროკავშირის გრანტი "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების" პროექტის ფარგლებში ქალაქში ველობილიკების მოსაწყობად 83 000 ლარია გათვალისწინებული.

 

"პროექტი დამუშავებულია საერთაშორისო ნორმების საფუძველზე, ორმხრივი ველობილიკის სიგანე არის მინიმალური დასაშვები სიგანე და შეადგენს 2.4 მეტრს. ველობილიკის, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზე ხდება ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. ხოლო, დანარჩენ მონაკვეთებზე, გზის და ტროტუარის საფარი იღებება სპეციალური საგზაო მონიშვნის საღებავით ", - ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურადაა მოცემული ველობილიკის მარშრუტი:

 

"ველობილიკი იწყება კირიონ მეორის #12 - დან, კერძოდ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, გადადის წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი ხვდება, გორის ციხის მხარეს და დავით გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით, ტროტუარზე. ველობილიკი გაივლის რუსთაველის მემორიალს და ჩერდება ლომჭაბუკის მემორიალსა და გორის ციხეს შორის, დავით გურამიშვილის ქუჩაზე. აქედან "ზებრის" საშუალებით გადადის გამარჯვების მემორიალის სკვერში, უვლის სკვერს და ჩერდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ პარკინგზე. 26 მაისის სანაპიროს გასწვრივ, "ზებრის" საშუალებით ველოსიპედისტი გადადის 26 მაისის სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს, მდ.ლიახვის სანაპიროს ტროტუარზე, საიდანაც მიემართება ჭავჭავაძის გამზირისკენ."

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან დაიწყება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა დაასრულოს.

Read 122 times