Back to Top
ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 11:29

გორში 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

გორში 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

საუბარია მტკვრის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოებზე ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის, ცხოველთა ახალი თავშესაფარისა და მუნიციპალური ავტობუსების სადგომის მშენებლობას კომბინატის დასახლებაში. ჩამოთვლილი პროექტების განხორციელება გასულ წელს დაუწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მშენებარე ობიექტები მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. დაგეგმილია ბარნოვის ქუჩაზე სასეირნო ბულვარის მოწყობა და რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად განიტვირთება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩებზე. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.


საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები სადგურის დასახლებაში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულების მიხედვით 6 თვეში უნდა დასრულდეს. 488 კვადრატული მეტრის ფართის შენობა კეთილმოწყობილი ეზოთი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 018 493 ლარია.


ცხოველთა ახალი თავშესაფრის მშენებლობა კომბინატის დასახლებაში მიმდინარეობს. თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს. თავშესაფრის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს.


თავშესაფრის მახლობლად შენდება კიდევ ერთი მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა. პროექტის ღირებულება 951 000 ლარია. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.

 

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტს 2020 წლის გაზაფხულისთვის გადმოეცემა. პროექტის დასრულების შემდეგ პირველად გორში ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

 

ამავე თემაზე:3 მასშტაბური პროექტი, რომელიც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 225 times