Back to Top
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 16:29

კოვზიაშვილი ამბობს, რომ სააგენტოში შეუსაბამო კვალიფიკაციის, თუმცა გამოცდილი კადრები არიან

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი, რადიო „მოზაიკას“ მიერ მომზადებულ მასალას გამოეხმაურა, რომელიც მერიის შიდა აუდიტის ანგარიშს შეეხებოდა.

 

 

  ამავე თემაზე: გორის მერიის შიდა აუდიტი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მონიტორინგის გაძლიერებას ურჩევს

 

როგორც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობაა.

 

კოვზიაშვილის განმარტებით, აუდიტმა სააგენტო გასული წლის მაისში შეამოწმა. მისი თქმით, შენიშვნების უმრავლესობა ახალი სასწავლო წლის დადგომამდე გაითვალისწინეს. რაც შეეხება კადრების კვალიფიკაციის საკითხს, კოვზიაშვილი ამბობს, რომ სააგენტოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ის სპეციალობა, რაც მოთხოვნილია შესაბამის პოზიციაზე.

 

"რა თქმა უნდა, ჩვენთან სამსახურში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზოგს შეიძლება არ აქვს ის სპეციალობა, რაც მოთხოვნილი იყო, მაგრამ ეს ადამიანები 2014 წლიდან მუშაობენ და გამოცდილება აქვთ უკვე წლების განმავლობაში და ასეთებზე დაიწერა შიდა აუდიტის ანგარიშშიც. დანარჩენს რაც შეეხება, ვცდილობთ , რომ მივიღოთ ისეთი ახალი თანამშრომლები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ჩვენ რაც შეგვეძლო, რომ გამოგვესწორებინა, ფაქტობრივად, გამოვასწორეთ“, - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

 

რაც შეეხება, გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნას, რომელსაც ხელს, როგორც სამსახურის უფროსი , ასევე კონკრეტული განყოფილების უფროსი აწერს, არაფერი წერია იმის შესახებ , თუ რა გამოასწორა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ არაკვალიფიციური კადრების აღსაზრდელთა ჩარიცხვის წესის დარღვევის შესახებ. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული მიღწეული შედეგები, კონკრეტულად რომელ შემოწმებულ ა(ა)იპს ეხება.

 

დოკუმენტში ზოგადად არის ჩამოთვლილი ის 5 შედეგი, რომელსაც შიდა აუდიტმა 1 წლის განმავლობაში 5 სხვადასხვა მუნიციპალური დაწესებულების შემოწმების შედეგად მიაღწია:

 

1. განახლდა ყველა შემოწმებული ობიექტის დებულება და შინაგანაწესი;

 

2. გამოსწორდა საქმისწარმოების პროცედურებში გამოვლენილი ნაკლოვანებები;

 

3. ნაწილობრივ გაუმჯობესდა ანგარიშგებისა და შიდა კონტროლის მექანიზმები;

 

4. ინტენსიური და გაცილებით ეფექტიანი გახდა მონიტორინგები, დაიხვეწა მონიტორინგის ანგარიშები.

 

5. შეივსო და განახლდა არსებული საინფორმაციო ბაზები, პერმამენტულად ხდება მათი დახვეწა და განახლება.

 

 

"გაათავისუფლო ეს თანამშრომლები, რომლებსაც წლები აქვთ ნამუშევარი, ძალიან რთულია“, - ასე განმარტავს ლია კოვზიაშვილი აუდიტის რეკომენდაციის შეუსრულებლობას შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრების არსებობასთან დაკავშირებით.

Read 2385 times Last modified on სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 16:40