Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 07 თებერვალი 2020 12:42

ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის განვითარებას სჭირდება - გეგმები და რეკომენდაციები

ბოლო რამდენიმე წელია გორის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მთავარი პრიორიტეტია. წლიდან წლამდე ამ კუთხით მდგომარეობა გარკვეულწილად უმჯობესდება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვლავ დღის წესრიგშია.

გორის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ყურადღება გაამახვილა ქალაქში სველი წერტილების ნაკლებობაზეც. ასევე მიიჩნევს, რომ კვების ობიექტებმა ტურისტებთან მომსახურების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

 

"ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც ქალაქში გვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არის ქალაქში სველი წერტილების ნაკლებობა. რაც არის, ისიც მეტწილად მოუწესრიგებელია. ასევე მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აბრები, რომელიც აუცილებლად ორენოვანი უნდა იყოს. ამას ტურისტები ითხოვენ. ასევე უნდა გაუმჯობესდეს ტურისტებთან მუშაობის ხარისხი, ეს დიდწილად ეხებათ კვების ობიექტებს.“

 

ამავე თემაზე: კვადრო, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები - საინვესტიციო პაკეტები ატენის ხეობისთვის

 

რობერტ მაღლაკელიძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა. მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობა გააძლიერა.

 

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას, თითქმის უკვე ყველგან მოეწყო მისასვლელი გზები, სადაც ჩვენთან შემოსული ტურისტების დიდი ნაკადი მიდის. წლების განმავლობაში, დიდ პრობლემას წარმოადგენდა ატენის სიონთან მისასვლელი გზა და საპარკინგე ადგილები, ტურისტებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ გაეჩერებინათ მანქანები. წელს უკვე ძალიან ლამაზი, პანდუსებიანი საპარკინგე ადგილი გაკეთდება. თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების კუთხით", - ამბობს მაღლაკელიძე.

 

ამავე თემაზე: 9 იდეა გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარებისთვის

 

მიმდინარე წელს ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია აქვს დაგეგმილი. რომელიც თავის მხრივ ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის მოიაზრება. მათ შორისაა ატენის სიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ატენის ხეობაში საპიკნიკე ადგილებისა და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 947 times Last modified on პარასკევი, 07 თებერვალი 2020 16:27