Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 07 თებერვალი 2020 15:03

როგორ და რა ხარჯებით ცდილობს გორის მერია გაპიარებას?

6 თანამშრომელი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, საკუთარი გაზეთი, ახალი ამბების სააგენტო და ხელშეკრულებები პროსახელისუფლებო მედიებთან - ეს იმ საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც გორის მერია საკუთარ პიარს ცდილობს.

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რა თანხას ხარჯავს ამისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები. სწორედ ამ მიზნით, გორის მერიისგან, შესაბამისი კითხვებით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

 

მერიის პასუხი:

 

"2019 წელს სარეკლამო მომსახურებისათვის და საეთერო დროის შესაძენად არც მერიას და არც ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებს თანხა არ დაუხარჯავთ და არც 2020 წელს არის გათვალისწინებული. გორის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობს ყველა მედიასაშუალებასთან, რაც შეეხება ხელშეკრულებას, გაფორმებული გვაქვს შპს ,,ახალი ამბების სააგენტოსთან" (ipn.ge)".

 

 

მერიის პასუხი და რეალობა:

 

გორის მერიის პასუხის თანახმად, უწყება სასურველი ინფორმაციის გავრცელებაში ბიუჯეტიდან თანხას არ ხარჯავს.

 

მერიის პასუხის სისწორეს ეჭვეშ რამდენიმე ფაქტი აყენებს:

 

1. მერიის ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა 3 540 ლარის ხელშეკრულება ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან გააფორმა.

 

საუბარია კეთილმოწყობის სააგენტოსა და შპს "კვირა+" შორის დაწყებულ საქმიან ურთიერთობაზე, რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ს საქმიანობის ამსახველი ტექსტური და ვიდეო მასალა პერიოდულად მედიაჰოლდინგ "კვირას" ვებპორტალზე გამოქვეყნდება. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საიტის რეიტინგისა და ცნობადობიდან გამომდინარე მიიღო.

 

"გვსურს, რომ ჩვენი საქმიანობა გავრცელდეს არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ცენრტალური მედიასაშუალებების მეშვეობითაც. მე მქონდა 3 ასეთი შემოთავაზება და იქიდან გამომდინარე, რომ "კვირას" 20 ათასი მოწონება აქვს, თანამშრომლობის სურვილი გაგვიჩნდა. დანარჩენი ორი რომელი საინფორმაციო სააგენტოები იყვნენ ვერ გეტყვით. პირველი მასალა უკვე მოვამზადეთ და განთავსდება აღნიშნულ საიტზე", - აღნიშნა ბაჩანა გვიანიშვილმა.

 

შპს "კვირა+"-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს და გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თვეში 295 ლარის გადახდას ავალდებულებს. ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა სარეკლამო მომსახურებას გულისხმობს.

 

2. გორის მერიას მომსახურებას უსასყიდლოდ არც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" უწევს.  


აღნიშნულ სააგენტოსთან გორის მერია, მესამე წელია, თანამშრომლობს. გამოცემაზე სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, წელს გორის მერია 4 899 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ერთი თვის ღირებულება შეადგენს 408 ლარს შეადგენს.

 

 

შიდა ხარჯები პიარში:

 

გორის მერიას საკუთარი გაზეთი (გორის მაცნე) და ინტერნეტ სააგენტო (https://gmnews.com.ge/) აქვს.

 

ბეჭდური და ონლაინ გამოცემის ფუნქციონირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერია 72 000 ლარს ხარჯავს. საწყის ეტაპზე, ამ გამოცემების მიზანი საზოგადოებისთვის ხელისუფლების საქმიანობის გაცნობა იყო, თუმცა დღეს უკვე ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ონლაინ გამოცემის სახით, კლასიკური სტილით მოქმედ მედიასაშუალებას აფინანსებს, რომელიც აშუქებს ნეიტრალურ მოვლენებს და ახალ ამბებს.

 

პარალელურად, მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს, სადაც 6 ადმიანია დასაქმებული. ერთ თვეში მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 5 600 ლარი იხარჯება. რაც წელიწადში 67 200 ლარს შეადგენს.

 

 

აღნიშნულის გარდა, გორის მერიას საკუთარი ვებ გვერდიც გააჩნია, სადაც ასევე თავის საქმიანობასა და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საიტის დამზადება თავის დროზე მერიას 4 800 ლარი დაუჯდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მერიას ხელშეკრულება ტელეკომპანია "დიასთანაც" აქვს გაფორმებული, რაც გასული წლის 700 და მიმდინარე წლის 900 ლარიანი ხელშეკრულებები სატელევიზიო მომსახურებას (არხების მიწოდებას) გულისხმობს.

 

 

პიარის ხარჯები რიცხვებში:

 

თუ ღია მონაცემებსა და საჯარო ინფორმაციით მოწოდებულ რიცხვებს შევაჯამებთ, გამოდის, რომ უშუალოდ მერიის სარეკლამო ხასიათის მასალების გავრცელებისა და ამ მიზნით დაქირავებული ადამიანური რესურსისთვის წელს ბიუჯეტიდან 82 499 ლარი დაიხარჯება.

 

თუ ამ რიცხვს ახლადგაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებასაც დავუმატებთ (კვირა+), ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეთა პიარის ხარჯები წელს 86 000 ლარს გადააჭარბებს.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1504 times Last modified on პარასკევი, 07 თებერვალი 2020 16:18