Back to Top
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 15:29

რა რეგულაციები ამოქმედდება მძღოლებზე, რომლებიც პარკინგის ჯარიმას არ გადაიხდიან

გორში პარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლებმა საპარკინგე კარტით უნდა ისარგებლონ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს საპარკინგე ადგილი ნაყიდი არ აქვს, კეთილწყობის სამსახურის თანამშრომლები ჯარიმას უწერენ.

როგორც სააგენტოს ხელმძღვალენი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დათქმულ ვადებში მძღოლმა დავალიანება არ დაფარა, გადახდის ოდენობა იზრდება, უკიდურეს შემთხვევაში კი საქმე სააღმსრულებლო ბიუროს გადაეცემა.


“როდესაც მანქანა არასწორად დგას, ან აბონიმენტი არ აქვს აღებული, ჩვენი ინსპექტორები მას აჯარიმებენ. აპარატში ვამოწმებთ, რომ არ აქვს საპარკინგე ადგილი შეძენილი და ვადგენთ ჯარიმის ქვითარს. ჯარიმის სამი ეგზემპლიარი მზადდება. ამ სამიდან ერთი რჩება საქარე მინაზე, ორი მოდის ჩვენთან სააგენტოში. თუ მძღოლი ადგილზე დახვდა, იქვე გადასცემენ ჯარიმის ქვითარს, შემდეგ მოდიან სამსახურში განათავსებენ ბაზაში და იწყება ათვლა, მძღომა რომ ჩაიბარა, იმ დღიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს ვალდებულება. თუ გავიდა 30 დღე და არ გადაიხადა, ერიცხება 150 ლარი და ველოდებით გადახდას, თუ არც ეს გადაიხადა შემდეგ ჩვენ გადავცემთ სააღმსრულებლოს და ხდება ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ, იმ უფლებებს იყენებს სააღმსრულებლო, რისი უფლებაც მას აქვს“, - ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.

 

იმისათვის, რომ სააღმსრულებომდე არ მივიდეს საქმე, სააგენტო ვალდებულების განსახორციელებლად მძღოლებს სხვადასხვა გზებით აწვდის ინფორმაციას ჯარიმის შესახებ.

გვიანიშვილის თქმით სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია, ორჯერ მივიდეს მისამართზე ქვითრის გადასაცემად.

 

“თუ მძღოლი არ დახვდა ადგილზე, თანამშრომელი ჯარიმის ქვითარს ტოვებს საქარე მინაზე და ველოდებით, როდის გადაიხდის. თუ ბაზაში გამოჩნდა, რომ ეს პერიოდი არ გადაიხადა, ვაგზავნით ფოსტით, ან სააგენტოს თანამშრომელს მიაქვს ადგილზე. კანონმდებლობით ორჯერ გვაქვს უფლება ადგილზე მისვლის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩავაბაროთ პასუხისმგებელ პირს ქვითარი. თუ არ ჩაიბარა (უარი განაცხადა ჩაბარებაზე) მაინც ჩაბარებულად ითვლება, იმიტომ, რომ თანამშრომელი მივიდა, დახვდა და არ ჩაიბარა, ვნიშნავთ ბაზაში, რომ ჩაბარებულია. ხელში გადაცემის შემდეგ, ველოდებით ისევ ერთი თვე. თუ არ გადაიხადა იგივე პროცედურებია რაც ზემოთ ვახსენეთ, გადასახდელი თანხა ემატება და ბოლო უკვე სააღმსრულებლოზე გადაცემაა“, - ამბობს გვიანიშვილი.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე 1000-მდე ჯარიმაა დაწერილი და 60% ამოღებულია. 1-600 ზე მეტი საპარკინგე აბონიმენტი გაცემულია.  სააღმსრულებლოსთან ჯერ არც ერთი მძღოლის საქმე არ გადაცემულა, თუმცა 150 ლარი დაეკისრა ერთ მძღოლს.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 671 times Last modified on ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 16:51