Back to Top
პარასკევი, 06 მარტი 2020 13:16

ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო გორში - მოქალაქეების გამოხმაურება და კომპანიის პასუხი

გორში, მალე კომპანია "ეკო ჯორჯია" ბიოდეგრადირებადი საწარმოს ამუშავებას გეგმავს. აღნიშნულმა კომპანიამ ქარხნის მოსაწყობად ტერიტორია სახელმწიფოსგან 1 ლარად იყიდა. საუბარია სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე "ბოქსების" ტერიტორიაზე, სადაც ასევე საცხოვრებელი კორპუსებია. 


ადგილობრივები საწარმოს ამუშავების შემთხვევაში შიშობენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება და ითხოვენ, რომ კომპანიამ აღნიშნული საწარმო სხვა ტერიტორიაზე გადაიტანოს.


"ფილტრების დაყენება რამდენად უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შემცირებას? ამის შესახებ არსებობს რაიმე დასკვნა? სულ რამდენიმე მეტრში იხსნება ეგ საწარმო ჩემი სახლიდან და ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს."


"50 ადამიანის დამსაქმებელი საწარმო, ფილტრებს არ დააყენებს! ძვირი სიამოვნებაა! და ადგილების მეტი რა არის გორში!".


"ონკოლოგიური დაავადებების წყაროა ეგ საწარმო, უნდა შეეწინააღმდეგოს ამას ხალხი!"


"ოპოზიცია, აი, როდის უნდა ამოიღოთ ხმა. მოაშორეთ ქალაქიდან. ამოიღეთ ხალხო ხმა", - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.


ქალაქში, დასახლებულ ადგილას პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირების წინააღმდეგია, გორის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული საწარმოს აშენება საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.


"ამ ქარხნის ამოქმედება ქალაქში ჰაერს დააბინძურებს. ევროკავშირის რეკომენდაციით, საცხოვრებელი კორპუსებიდან ხუთი კილომეტრის რადიუსით უნდა იყოს ასეთი ტიპის საწარმოები დაშორებული და შუა ქალაქში, რომ იქნება ეს ქარხანა, ყოველდღე გამონაბოლქვი უნდა ისუნთქოს ადგილობრივმა მოსახლოებამ?", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.


მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის საპასუხოდ, რადიო "მოზაიკა" კომპანია"ეკო ჯორჯიას" დაუკავშირდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, საწარმოში პლასტმასის გადამუშავება არ იგეგმება და პარკები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადდება.


"ის ეჭვი, რომ შესაძლოა პლასტიკს ვაწარმოებდეთ გაჩნდა იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობაში პროდუქციის სასაქონლო კოდით, არის განსაზღვრული, რომ ბიოდეგრადირებად ან კომპოსირებად საწარმოს მიენიჭოს ცალკე კოდი. ამიტომ ჩვენ ვსარგებლობთ, 22. 22. 00. სასაქონლე კოდით, რომელიც გულისხმობს პლასტიკის პარკების გამოშვებას. საქართველოში ჩვენ ამ წარმოებაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები გაკეთდა, რათა მოხდეს ბიოდეგრადირებადი ნაწარმის გამოშვება.“


კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლოებას შიშის საფუძველი არ აქვს.


“რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, სამხარაულის ბიუროდან, რომ ჩვენი პარკი არ შეიცავს პლასტიკს. პარკი, რომელიც ჩვენთან მზადდება, შეიცავს სიმინდის სახამებელს, გლიცერინს და სხვადასხვა შენარევებს. მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატიც. მოსახლოებას მინდა ვუთხრა, რომ ქარხანა არანაირად არ მოახდენს გავლენას მათ ჯანმრთელობაზე, გამონაბოლქვიც კი არ იქნება, როგორც მათ წარმოუდგენიათ", - გვითხრა"ეკო ჯორჯიას" წარმომადგენელმა.


ინფორმაციისთვის, გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო უნდა ამუშავდეს. კომპნია საწარმოში 50-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

Read 1731 times Last modified on პარასკევი, 06 მარტი 2020 14:02