Back to Top
ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 16:24

გორის საკრებულომ თბილისში დაწერილი ჯარიმები გორის შემოსავლად დაამტკიცა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს დოკუმენტი, სადაც საუბარია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშუტო საშუალებების დაჯარიმებიდან შემოსულ მოსაკრებელზე.

 

კერძოდ, შემოსულობების ნაწილში წერია, რომ გასული 4 თვის განმავლობაში, თბილისში დაწერილი ჯარიმებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში 7 129 ლარი შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, ჯარიმები თბილისში მოძრავ მძღოლებს არასწორი პარკირებისთვის ან/და არასწორ ზოლში გადაადგილებისთვის დაწერათ.

 

რატომ ჩაითვალა თბილისში დაწერილი ჯარიმები გორის შემოსავლად? - ეს კითხვა საკრებულოს სხდომაზე არც ერთ დეპუტატს არ დაუსვამს. 

 

საკითხით რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა. გორის შემოსავლებში თბილისში დაწერილი ჯარიმების ჩათვლა საკრებულოს აპარატის უფროსმა ასე ახსნა: 

 

"ეს ეხება იმ ტრანსპორტის ჯარიმას,რომელთა მფლობელები გორში არიან რეგისტრირებულები მაგრამ დაჯარიმდნენ თბილისში", - აცხადებს ზაზა ნასყიდაშვილი.

 

მისივე თქმით, ანალოგიური წესი მოქმედებს სხვა ქალაქებში დაწერილ ჯარიმებზე. 

 

საკრებულოს აღნიშნულ განმარტებას სიცრუე უწოდეს ადამიანის უფლებათა ცენტრში. იურისტი ლექსო მერებაშვილი ფიქრობს, რომ ეს შეცდომა განხილვის და გაცნობის გარეშე საკითხების დამტკიხების შედეგია.

 

"სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკრებულოზე კენჭი ეყრება დოკუმენტს ისე, რომ საკრებულოს წევრები არ იცნობენ მის შინაარსს. ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს უნდა ატარებდნენ საკრებულოში, არც კი კითხულობენ სხდომაზე გატანილ დოკუმენტს და ისე აძლევენ ან არ აძლევენ ხმას მას, პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე. მსგავსი დამოკიდებულება ქმნის საფრთხეს იმისას, რომ საკრებულოზე გატანილი იქნას საკითხები, რომლებიც არ შედის მოსახლეობის ინტერესებში", - ამბობს მერებაშვილი.

 

 



 

Read 353 times Last modified on ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 16:39