Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 12:16

ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიცია შემომწირველებზე და ფაქტები მონაცემთა ბაზიდან

გორის მერი პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის განცხადებას ეხმაურებას და მას პოპულისტურს უწოდებს. კონსტანტინე თავზარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელს ურჩევს ტენდერების ჩატარების პირობებსა და პრინციპებში კარგად გაერკვეს და განცხადებები მათი მისამართის ისე გააკეთოს.

 

საუბარია 3 კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში მოგებულ გორის მერიის ტენდერებზე, რომლებიც ბასიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. გორის მერი კი ოპონენტის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

 

"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შიდა ქართლში და კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია არსებობს ქართულ-ჯიგრული ურთიერთობები, საინადაც ტენდერების სახით, მილიონობით თანხას აძლევენ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს კომპანიები არიან წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" კამპანიის დამფინანსებლები, უშუალოდ ამ სამმა კომპანიამ ("ბილდინგ გრუპი", "კაპიტელი", "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1") "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას შესწირა 250 ათასი ლარი უახლოეს 2 წელიწადში", - აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.

 

 

შეწირეს თუ არა მმართველ გუნდს ბოლო წლებში აღნიშნულმა კომპანიებმა თანხები, გორის მერმა არ იცის. კონსტანტინე თავზარაშვილმა მხოლოდ ტენდერის ჩატარების პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ გამარჯვებულის ხელოვნურად გამოვლენა და სატენდერო პროცედურებში ამ მიზნით ჩარევა ფიზიკურად შეუძლებელია.

 

"ვერ ისწავლეს მაგათმა, რას ნიშნავს ტენდერის ჩატარება. როცა ტენდერს ვაცხადებთ, რა უფლება მაქვს ვინმეს ვურჩიო მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ან როგორ უნდა დავუშალო, ან როგორ უნდა მოვაგებინო ვინმეს, როცა არც ვიცი, ვინ იღებს ტენდერში მონაწილეობას. მე ხომ ვერ ვხედავ მაგას. რითი ვერ ისწავლა ამ ბასიშვილმა ტენდერების პროცედურები. მე არ ვიცი, აქვთ თუ არა ამ კომპანიებს "ქართული ოცნებისთვის" შეწირული თანხები და რომც ჰქონდეთ, არანაირი კავშირი არ აქვს მათ მიერ მოგებულ ტენდერებთან", - აცხადებს გორის მერი.

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, თუ რა თანხები აქვს შეწირული "ქართული ოცნებისთვის" და რა რაოდენობის/ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული ბასიშვილის მიერ დასახელებულ კომპანიებს.

 

ღია მონაცემთა ბაზებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდისთვის შემოწირულობის სახით, თანხა მხოლოდ "საგზაო სამშენებლო სამმართველო#1"-ს აქვს გაღებული. ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს "ქართული ოცნებისთვის" 2016 წლის 13 ოქტომბერს 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. უფრო ადრე კი, 2011 წელს აღნიშნულ კომპანიას (იმ პერიოდში მისი სახელწოდება იყო "საგზაო") 100 ათასი ლარი მაშინდელი მმართველი პარტიისთვის, "ნაციონალური მოძრაობისთვის" აქვს გადარიცხული.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ კომპანიას, არცერთი მათგანი, არც მათი წარმომადგენლები პარტიათა შემომწირველთა ნუსხაში არ ფიქსირდებიან, თუმცა გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წელს ნამდვილად გაიმარჯვეს.

 

შპს "ბილდინგ გრუპს" და შპს "კაპიტელს" თითო-თითო ტენდერი აქვს მოგებული. ორივეს კი სულ (477 627+237201) 714 828 ლარი აქვს მიღებული.

 

სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის შემომწირველ კომპანია კი გაცილებით მეტი ტენდერის გამარჯვებულია.

Read 499 times