შპს "საგზაო სამშენებლო სმმართველო #1" წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერებში ლიდერი კომპანიაა, რომელსაც ყველაზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული. უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის 8 თვეში 11 ტენდერის გამარჯვებულია, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მლნ 947 ათას 187 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ამ კომპანიასთან ერთად გორის მერიის სატენდერო კომისიის მიერ, გამარჯვებულად ხშირად სახელდებოდა ასევე შპს :იბოლია:, რომელიც გორის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის, თუმცა წელს "იბოლია" შედარებით ნაკლებად ჩანს და მოგებული ტენდერების რიცხვითაც და თანხის ოდენობითაც ამ მხრივ შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" უსწრებს.
იოსებ მაკრაიძე ადასტურებს, რომ ამ კომპანიასთან პარტნიორული ურთიერთობა გააჩნია, მის დირექტორთან კი ნათესაური კავშირი.
"შოთა აბულძე, (საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ის ხელმძღვანელი) ჩემი ნათლიმამაა, ჩემი შვილის ნათლიაა. ახლაც ვთანამშრომლობთ. მე ჩემი კომპანია მაქვს, მას თავისი, მეგობარი კაცია და თუ დახმარება უნდა ვეხმარები. თუ მე რამე მიჭირს, გვერდში მიდგება. პარტიორებიც ვართ ამ საქმეში", - ამბობს იოსებ მაკხარიძე.
ეს საკითხი ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზეც განიხილეს, სადაც ენმ-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აბულაძის კომპანია ტენდერებს კორუფციული სქემით იგებს.
"ეს კომპანია, რომელიც ამდენს ტენდერს იგებს, არის "ქართული ოცნების" შემწირველი. რაც ჩვენ ვიცით, ორჯერ შესწირა თანხა მმართველ პარტიას, 60-60 ათასი ლარის ოდენობით".
ამ თემაზე საუბარი შოთა აბულაძეს არ სურს.
"ძალიან ცუდ დროს მირეკავთ, საერთოდ თუ არ დამირეკავთ, კარგს იზამთ. რა შემოწირულობა, რა "ნაციონალური მოძრაობა", არ მაინტერესებს", - ამბობს შოთა აბულაძე.
აღსანიშნავია რომ გარდა "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ისა, დეპუტატის ნათლიმამა კიდევ 3 კომპანიაში ფიქსირდება. მას შპს "დგვრისსა" და შპს "Georgian Fish"-ში დირექტორის პოზიცია უკავია, ხოლო შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #2"-ში პარტნიორია.