Back to Top
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 14:43

შიდა ქართლის სამშენებლო ტენდერებში გამარჯვებულები „ოცნების“ შემომწირველები არიან -TI 

"შიდა ქართლისა სამშენებლო ტენდერებში კორუფციის შესაძლო ნიშნები იკვეთება. ხშირად ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ „ქართული ოცნების" დამფინანსებლებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები", -ასე იწყება კვლევა, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გორის ოფისი მუშაობდა.

 

დოკუმენტის მიხედვით, 2011 წლიდან დღემდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1"-მა ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით ჯამში 205 178 478 ლარი მიიღო. საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა კი, 2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 607 970 ლარი მიიღო.

 

ორივე კომპანიის მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან.

 

"ნუგზარ და ნუკრი აბალაკები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა. ყოფილ მმართველ პარტიას აფინანსებდა უშუალოდ კომპანიაც. 2011 წელს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 100,000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა. ბიზნესმენი შოთა აბულაძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირად ითვლებოდა."

 

კვლევაში ნათქვამია, რომ ბიზნესმენ შოთა აბულაძის შვილი, წინა ხელისუფლების დროს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა. 

 

"მისი შვილი, გიორგი აბულაძე, წინა ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო მისი სიძე, გიორგი კვიწინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო. გორის სათემო რადიო “მოზაიკას” და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, შოთა აბულაძე იოსებ მაკრახიძის, “ქართული ოცნებიდან” გორის მაჟორიტარი დეპუტატის, მეგობარი და ოჯახის ახლობელია",- წერია TI-ს მიერ გავრცელებულ კვლევაში.

 

Read 230 times