"ერეკლეს აბანო“, რომლის რესტავრაციაზე 46 500 ლარი დაიხარჯა, დაკეტილია

"ერეკლეს აბანო“, რომლის რესტავრაციაზე 46 500 ლარი დაიხარჯა, ოფიციალური გახსნის დღიდან დაკეტილია. 

"ერეკლეს აბანო" ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფიციალურად 2018 წლის 18 მაისს გახსნა, თუმცა როგორც შენობის მეზობლად მცხოვრებლები ამბობენ, ამ დღის შემდეგ იქ არავითარი ღონისძიება არ გამართულა. 

“დარბაზი გახსნის დღიდან დაკეტილია, ღონისძიებები არ ტარდება“, - უთხრეს რადიო "მოზაიკას" რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლებმა. 

შენობის რესტრავრაციის ფარგლებში, იქ სივრცეები გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის მოეწყო, თუმცა ამ მიზნით "ერეკლეს აბანო" ამ დრომდე არავის გამოუყენებია. 

“ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა მიაკითხოთ თუ დათვალიერება გინდათ. ტურისტები არ მოდიან , არც რაიმე სახის ღინისძებები ტარდება“,- აღნიშნეს ადგილობრივებმა. 

რადიო “მოზაიკა“ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, თინათინ სოსანიძეს ესაუბრა. მისი თქმით, რესტავრაციის შემდეგ დარბაზში მილები დაზიანდა, რის გამოც შენობა ამ დრომდე დაკეტილია.

ამავე თემაზე: "ერეკლეს აბანოს" ინტერიერი - ფოტოები

"ძველ აბანოში რესტავრაციის შემდეგ ყინვისგან გასკდა წყლის მილი, დაზიანდა საპირფარეშოს ბაჩოკი და ტრაპი. შიდა კარი იყო დეფორმირებული, კარი გამოიცვალა, ახალი საკეტი ჩადგა, ყველაფერი მოწესრიგდა და გადმოეცა მუზეუმების განყოფილებას. ავარჩიეთ რამოდენიმე ექსპონატი, დავამზადეთ ანოტაციები და დავალაგეთ საგამოფენო სივრცეში. დღეისათვის ყველაფერი წესრიგშია და უკვე გავაღებთ მომავალ კვირას“, - ამბობს ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი თინათინ სოსანიძე

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 46 500 ლარი დახარჯა. როგორც მერიის კულტურის განყოფილების უფროსი რამაზ შიოშვილი ამბობს, "ერეკლეს აბანო" ტურიზმის ცენტრს გადაეცა და მის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელიც ეს სააგენტოა.

"რესტავრაციის შემდეგ “ერეკლეს აბანო“ ტურიზმის ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. მის ფუნქციონირებაზე, ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებაზე პასუხისმგებელი სააგენტოა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" შიოშვილმა. 

ამ დროისთვის შენობის კარი დაკეტილია, თუმცა როგორც რადიო "მოზაიკას" მის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელმა მხარეებმა უთხრეს, "ერეკლეს აბანო" უახლოეს მომავალში გაიღება. 

ერეკლეს აბანო სპარსული სტილის ისტორიული ნაგებობაა, რომლის მშენებლობას მკვლევართა ნაწილი მე-17 საუკუნეს, ნაწილი კი მე-19 საუკუნეს უკავშირებს. შენობის რესტავრაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წელს დაიწყო და 2018 წლის 18 მაისს დასრულდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1088 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი