მცირე ზომის ურნების საჭიროება გორის ქუჩებში - რას აპირებს ხელისუფლება

გორში, დიდ ქუჩებზე ნაგვის მცირე ზომის ურნები თითქმის არსადაა. ამის გამო, ადგილობრივებს ნარჩენების გადასაყრელად დიდი მანძილის გავლა უწევთ. იმ ქუჩებზე სადაც ნაგვის ურნა არ დგას, კვირაში ერთხელ კეთილმოწობის საააგენტოდან მანქანა მიდის და დაგროვილი ნარჩენები მიაქვს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ პატარა ურნების საჭიროება მაინც არსებობს. 

გორში ასეთი დაახლოებით 10-მდე ქუჩაა.

“დიდ, გრძელი ქუჩებზე, პატარა ნაგვის ურნები არაა. მაგალითად, აღმაშენებელზე და ძმები რომელაშვილების ქუჩაზე გვიწევს ნაგვის ტარება ასობით მეტრზე, მოსახლეობას გარეთ უდევთ დაგროვილი ნაგავი და მანქანის მოსვლას ელოდებიან“, - ამბობს ნიკა წიქარიძე.

მსგავსი პრობლემა თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს. მათი თქმით, ნარჩენების კვირაში ერთხელ გატანა საკმარისი არ არის.

“გარეთ დავდგამთ ხოლმე მთელი კვირის ნაგროვებ ნაგავს დილით ადრე, სანამ მანქანა ჩამოივლის. მერე ხან ძაღლი ამოქექავს, ხან ქარი გაფანტავს და ასე ვწვალობთ. ვინც ამ ქუჩაზე გადაადგილდება ყოველდღიურად და რაიმე ნარჩენის გადაგდება უნდა, ურნა არ არის, რომ ჩააგდოს“, - ამბობს ადგილობრივი.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, რომ ქალაქში ურნების დამატებას ეტაპობრივად გეგმავენ. სააგენტოს ხელმძღვანელის ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, მცირე ზომის ურნების გადანაწილება ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე იგეგმება. 

“ზოგადად პატარა ურნების დამატებას ვგეგმავთ, თუმცა რა პერიოდში მოხდება ეს და რომელ ქუჩას მოიცავს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. თუმცა ვიცით, რომ მცირე ზომის ურნების პრობლემა ნადმვილად არის ქალაქში და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ დავამატოთ“, - გვითხრა გვიანიშვილმა.

გორში გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 350 ახალი ურნა დაიდგა, თუმცა მცირე ზომის ურნების დამატება არ მომხდარა. ძველი ურნები კი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1983 times Last modified on მარტი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი