ნაგავსაყრელის პრობლემა ზერტში - რას აპირებს გორის კეთილმოწყობის სააგენტო

გორის სოფლებში ნაგავსაყრელების პრობლემა წლებია არსებობს. ურნების სიმცირისა და მოქალაქეების დაუდევრობის გამო, გარემო ყოველდღიურად მნიშვნელოვანად ზიანდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ადგილობრივები სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, სოფელში ნაგვის ურნები მხოლოდ მთავარ გზაზე დგას და საკმარისი არ არის.

ხათუნა შავშიშვილი ნარჩენებს ეზოში აგროვებს, შემდეგ კი სოფლის მთავარ გზაზე მდგარ ურნასთან მიაქვს.

“გზაზე დგას ურნები და როცა ვახერხებთ მიგვაქვს და იქ ვყრით ნაგავს, მაგრამ ბევრჯერ მივსულვარ, გადავსებული დამხვედრია და უკან ხომ ვეღარ წამოვიღებ?! იძულებული ვარ, ზემოდან დავადო და მერე ან ქარი გაფანტავს და ან ძაღლი“, - ამბობს ხათუნა.

“მოსახლეობამ არ იცის, სად წაიღოს ნაგავი. სასაფლაოსთან ახლოს რომ უბანია, განსაკუთრებულად ბევრი ნაგავი მანდ ყრია. გარდა მაგისა, პატარა სარწყავი არხი ჩამოდის მაგ ადგილას და ნაგავი მოაქვს.“ - ამბობენ ადგილობრივები.

55635116 2243974468979499 2908851976575909888 n

სოფელ ზერტში სტიქიური ნაგავსაყრელის შესახებ გორის მერიას ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" მიაწოდა. კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით,  ისინი სოფელში ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.  

''ჩვენ პერიოდულად გავდივართ ხოლმე სოფლებში და დაგროვილი ნარჩენებისგან ვასუფთავებთ. ახლა თქვენგან გავიგე, რომ მსგავსი პრობლემაა სოფელ ზერტში, დღესვე დავინტერესდებით ამ საკითხით და ადგილზე ვნახავთ სიტუაციას. სხვა დროსაც სოფლის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია მოგვართოს, - გვითხრა გვიანიშვილმა.

გასულ წელს სტიქიური ნაგავსაყრელი  გორის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში დაიხურა, თუმცა ეს პროცესი ყოველწლიურია და როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, ნაგავსაყრელების პრობლემის მოგვარებას ურნების დამატებით გეგმავენ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1471 times Last modified on აპრილი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი