9 225 ლარად აშენებული რიტუალების სახლი და ბიზნეს იდეა მოქალაქეთა ხარჯზე

მომდევნო საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები პატარა გარეჯვარში მდებარე რიტუალების სახლის დროებით გასხვისებაზე იმსჯელებენ.

კომისიის სხდომაზე იმ მოქალაქის განცხადება განიხილეს, რომელიც აღნიშნული ობიექტის იჯარით გადაცემას ითხოვს. განცხადების თანახმად, შენობა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, ჩატარდება სარემონტო სამუშაოები და ობიექტით მოსახლეობა ისევ სარიტუალო მომსახურებისთვის ისარგებლებს.

330.74 კვ.მ ფართი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 33 074 ლარით განისაზღვრება. ამ ობიექტის იჯარით გადაცემას კი ერთ-ერთი ადგილობრივი, ადამა მეზვრიშვილი ითხოვს.

საკრებულოს წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული უძრავი ქონების რაიმე დამატებითი დანიშნულებით გამოყენება ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების მიღებას გაზრდის, ამიტომ ამ შენობა-ნაგებობის აუქციონის წესით, დროებით გასხვისება მიზანშეწონილად მიაჩნია. საწყისი წლიური საიჯარო ქირა 1800 ლარითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტმა მხარდაჭერა მოიპოვე, კერძო მოიჯარეს ის 2 წლის ვადით გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ პატარა გარეჯვარში რიტუალების სახლი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა, თუმცა ბოლო წლებში ოფიციალური ინფორმაციით, შენობა უფუნქციოდ იყო.

დავით გოლიჯაშვილი პატარა გარეჯვარში ცხოვრობს, რიტუალების სახლის დროებით გასხვისებაზე ინფორმაციას გუშინ გაეცნო. ამბობს, რომ იდეას ადგილობრივების მხარდაჭერა იმ შემთხვევაში ექნება, თუ ფართით სარგებლობასთან ერთად, კერძო მოიჯარე მოსახლეობას სხვა მომსახურებასაც შესთავაზებს.


"ადრე, როცა მუშაობდა ეს ობიექტი, მხოლოდ ფართის გამოყენება შეეძლო მოსახლეობას. თუ ამასთან ერთად, თუნდაც გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ, შესაძლებელი იქნება, რომ ადგილზე მომსახურე პერსონალი, მზარეულები იყვნენ და გამზადებული დაახვედრონ ხალხს მაგიდა და ა.შ, კიდევ შეიძლება მხადაჭერა ჰქონდეს ამ პროექტს. თუ მხოლოდ ფართს შემოგვთავაზებენ, რაც ისედაც გვქონდა, თანაც უფასოდ, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის", - ამბობს პატარა გარეჯვრის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, დავით გოლიჯაშვილი.

მას ნაწილობრივ ეთანხმება პატარა გარეჯვრის კიდევ ერთი მკვიდრე რიმა აბაიაძე, რომელიც თვლის, რომ უფუნქციო შენობის ბედი არა კერძო მოიჯარეს და საკრებულოს, არამედ თადად მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა.

"უნდა ჩატარებულიყო სოფლის კრება და ჩვენ თვითონ გადაგვეწყვიტა, რა დანიშნულებით და როგორ ვამუშავებდით ამ შენობას. რამდენიმე წლის წინ, მანდ გადავიხადეთ ჩემი დედამთილის ორმოცი, ჭურჭელიც იყო მაშინ და მაგიდებიც. ახლა აღარაფერი აღარ არის. კარგი იქნება, თუ ვინმე აიღებს მის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ თანხის გადახდა რამდენად მისაღები იქნება ხალხისთვის, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მიზერის გადახდა, ვფიქრობ, უკეთესია გორში წასვლასთან შედარებით", - ამბობს რიმა აბაიაძე.

პირი, რომელიც შენობის იჯარით მირებას ითხოვს, რიტუალების სახლის გვერდით თონეს ამუშავებს. ადამა მეზვრიშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში, ისედაც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და შენობის ფუნქციონირების დაწყებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

მიუხედევად იმისა, რომ იჯარით გაცემის პირობებში, ობიექტის იმავე დანიშნულებით მუშაობაზეა საუბარი, მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ რიტუალების სახლთან ერთად, იქ სპორტული წრეების გახსნა და გარკვეული სარგებლის მიღებაც შესაძლებელია.

"ვფიქრობ, 50 ლარი იყოს ფართის ქირაობის გადასახადი, რაც მოხმარებული შუქისა და გაზის თანხაში გაიწერება. 15-15 ლარი კი პერსონალისთვის, რომელიც რიტუალების სახლში შეკრებილ ხალხს მოემსახურება. 2 გოგო იქნება დარბაზში, რომლებიც სუფრას გაშლიან, თვალ-ყურს ადევნებენ სუფრას, თუ რამე ჩასამატებელი იქნება, მიხედავენ და ა.შ. აღარც მაგიდა იყო აღარც ჭურჭელი. ხალხმა მითხრა, გვერდში დაგიდგებით, აღვადგინოთ ეს შენობა და დაიწყოს ფუნქციონირებაო. ასევე, ვფიქრობ სპორტული დარბაზის მოწყობაც შესაძლებელია. გორში, რომ აღარ მოუწიოთ სიარული ახალგაზრდებს სავარჯიშოდ", - ამბობს ადამა მეზვრიშვილი.

მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კერძო მოიჯარის იდეას მიესალმება. იოსებ ჩალაური განმარტავს, რომ ობიექტი სარიტუალო მომსახურებისთვის აშენდა, თუმცა მოსახლეობა, სოფლის მდებარეობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გორში მიდის, რადგან ამ მხრივ ქალაში არჩევანი დიდია.

"არავინ არ იყენებდა ამ რიტუალების სახლს. წლებია დაკეტილია, გაიტანეს ყველაფერი, რომ შეხვიდეთ კედლები და ერთი სკამიღა გდია. ვიდრე სახურავისა და ბლოკის გატანას დაიწყებენ, კარგია, რომ ვინმემ უპატრონოს. თანაც, განცხადებაში წერს ის მეზვრიშვილი, რომ იმავე ფუნქციას შუენარჩუნებს და ობიექტს დატვირთვას არ შეუცვლის", - აცხადებს იოსებ ჩალაური.

კომისიის სხდომაზე განცხადების განხილვას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ფრაქციის თავმჯდომარე ვასილისა ჯაბახიძე, რომელიც აღნიშნულ ადმინიტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლიდანაა, ამბობს, რომ ადგილობრივ დონეზე არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებას კარგად იცნობს და მოიჯარე ადამა მეზვრიშვილთან ადგილიბრივი ხელისუფლების კავშირებიც მისთვის ცნობილია.

"ეს ადამიანი არის "ქართული ოცნების" კოორდინატორი, რომელიც კარგად ამუშავეს ბოლო არჩევნებზე. ასევე, ძმაკაცობს კარალეთში მერის წარმომადგენელთან, იოსებ ჩალაურთან - მისი ვაჟი, როგორც ჩემთვის ცნობილია, პოლიციაში მუშაობს და გასაკვირიც არაა, რომ ბიზნესის წამოსაწყებად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ადგილზე ხელს უწყობენ. არადა, ხალხის ფულით აშენდა ეს რიტუალების სახლი თავის დროზე და მოსახლეობას უფასოდ უნდა ესარგებლა", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

გორის მერიის ქონების მართვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიტუალების სახლი უფუნქციოდ მხოლოდ პატარა გარეჯვარში არ არის. თუმცა მისი ამოქმედების მიზნით განცხადება ამ დროისთვის მხოლოდ აღნიშნული სოფლიდანაა შესული.

"მოგეხსენებათ, რიტუალების სახლები 2012 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა. სამწუხაროდ, ყველგან არ ფუნქციონირებს, სხვადასხვა მიზეზის გამო. პატარა გარეჯვრის შემთხვევაში გამოჩნდა პიროვნაბა, ვისაც სურვილი აქვს, რომ საკუთარი ხარჯებით მიხედოს ამ ობიექტს და ვფიქრობ, საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერასაც დაიმსახურებს", -ამბობს ქონების მართვის განყოფილების წარმომადგენელი არჩილ გიუნაშვილი.

2012-2016 წლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან, რიტუალების სახლის მშენებლობა 43 სოფელში დაიწყო. აქედან, სამუშაოები სრულად 15 მათგანში განხორციელდა და ფუნქციონირებს შესაბამისი დატვირთვით, 10-ში სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა, თუმცა სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც გამოიყენებენ. საერთო ჯამში, სათანადო დანიშნულებით 25 შენობა ფუნქციონირებს, 18 ობიექტზე კი, სამუშაოები ვერ დასრულდა. აქედან ერთში, ამბულატორია განთავსდა, დანარჩენი 17 კი, უფუნქციო დარჩა.

პროგრამის ფარგლებში, 2012-2016 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის 43 სოფელში, რიტუალების სახლების ასაშენებლად, სულ 1 799 489 ლარი დაიხარჯა.

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 970 times Last modified on აპრილი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი