მიწისქვეშა გადასასვლელები გორში მთავარი ფუნქციის გარეშე

გორში მიწისქვეშა გადასასვლელებით მოქალაქეების დიდი ნაწილი კვლავ არ სარგებლობს.

ისინი ამბობენ, რომ გადაადგილება სამანქანო გზით ურჩევნიათ, რადგან ხშირად გადასასვლელები მოუწესრიგებელი და დაბინძურებულია.

ციცინო ნაოჭაშვილი ქალაქში გადაადგილებისას მიწისქვეშა გადასასვლელებით არ სარგებლობს. ამის მიზეზად კი, იქ არსებულ სიტუაციას ასახელებს.

“ყველა უნდა ვსარგებლობდეთ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ჩვენი დანაშაულია, რომ არ ჩავდივართ, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ გვირჩევნია გზაზე გადავიდეთ. პირადად მე, კიბეზე ასვლა-ჩასვლა მიჭირს, თან მოვაჭრეები არიან და ხალხმრავლობაა ხოლმე“, - ამბობს ციცინო ნაოჭაშვილი.

ალექსანდრე ქვრივიშვილი დილით სამსახურში წასვლისას, გზად გორის იუსტიციის სახლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ჩადის. ამ ადგილას ათამდე მოვაჭრეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დახლი აქვს. საღამოს კი მისი კარი იკეტება და გადასასვლელით სარგებლობის საშუალება მოქალაქეებს აღარ აქვთ.

“გზაზე გადასვლას, მირჩევნია, ჩავიდე და ვისარგებლო, მანქანას ხომ არ გავატანინებ თავს?! იქაურობა მოვაჭრეებს უკავიათ და ხან ისეთი სივიწროვეა, გავლა ჭირს, მაგრამ სხვა გზა არ არის. საღამოს საათებში კეტავენ იმიტომ, რომ ხალხი აბინძურებს, იძულებულები არიან დაკეტონ. ამ ხალხს რომ შეგნება არა აქვს, ამათ რა ქნან?“, - ამბობს ალექსანდრე ქვრივიშვილი.

აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 7 წლის წინ კერძოს პირს დროებით მიასხვისა. იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობით, იქ მოვაჭრეებისთვის მოიჯარეს ფართი უნდა გამოეყო. 

“გაჭირვებით ვდგევართ, კაპიკებზე, მაღაზიაში რომ ვივაჭროთ. დღის განმავლობაში, შეიძლება ერთი მაისური ძლივს გავყიდოთ და ისიც “ჩეკში“ უნდა გადავიხადოთ და საღამოს სახლში პური უნდა წავიღოთ. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და აქაც რომ არ ვიდგეთ, რა გვეშველება?“, - ამბობენ მოვაჭრეები.

რადიო "მოზაიკა" მოიჯარე მამუკა ბერიკაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, საღამოს გადასასვლელს იმიტომ კეტავს, რომ მოქალაქეები წესრიგს არ იცავენ.

“წვიმიან ამინდში წყალი დგება და საქაჩების ჩართვა გვიწევს, მაგრამ რამდენი ხანია, უკვე კარგ ამინდშიც ვკეტავთ საღამოს საათებში, რადგან საშინლად აბინძურებენ, საზოგაზდოებრივ საპირფარეშოდ აქცევენ. მოვაჭრეები თავიანთ საქონელს აქ ტოვებენ და ეშინიათ არ გაძარცვონ, რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა. დაცვის პოლიციასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, სხვა გზა არა მაქვს და ვკეტავ“, - გვითხრა მამუკა ბერიშვილმა.

გორში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. აქედან ორი მათგანი მერიამ იჯარით გაასხვისა. ერთ-ერთი მათთგაზე სავაჭრო ობიექტია განთავსებული, მის მეპატრონეს კი გადასასვლელის მოვლა აქვს დავალებული. მერიაში ამბობენ, რომ გადასასვლელებში წესრიგის კონტროლისთვის სათვალთვალო კამერებიც დაამონტაჟეს.

“სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი გაცემულია იჯარით შპს "ჯეო დისტრიბუშენ ჯგუფი", რომელთანაც დადებულ ხელშეკრულებაში მოთხოვნილი აქვს და უკვე შესრულებულია გადასასვლელში სათვალთვალო კამერების მონტაჟი. წესრიგის დაცვას ემსახურება კამერებიც, რომლებიც განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელში სტალინის ქუჩისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე“, - ამბობენ მერიაში.

მიმდინარე წლის თებერვალში სტალინის ქუჩისა და ჭავჭავაძის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლეში კამერები მოიპარეს და იქ არსებული მაღაზიები დააზიანეს. მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, მერიაში სხვა დამატებითი ზომების მიღებას უახლოეს პერიოდში არ გეგმავენ.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 476 times Last modified on აპრილი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი