რატომ არ დადიან საკრებულოს წევრები კომისიების სხდომებზე - მიზეზები და მოსალოდნელი სანქციები

გორის საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე ძირითადად ერთი და იგივე წევრები დადიან.  საკრებულოში ამბობენ, რომ გამცდენი დეპუტატებისთვის სანქციებს მაშინ გამოიყენებენ, თუ ისინი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მივლენ სხდომებზე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად საბანძე ერთ - ერთია იმათთაგან, რომელიც რამდენჯერმე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე არ იმყოფებოდა.  საბანაძემ სხდომის გაცდენის მიზეზად დედის ავადმყოფობა დაასახელა.

“დედის ავადმყოფობის გამო ხანდახან მიწევდა კომისიის სხდომების გაცდენა. გუშინდელ კომისიის სხდომაზე ვერ მოვახერხე დასწრება, შვილმა უნდა იმშობიაროს და მასთან ვიყავი“, - გვითხრა ზვიად საბანაძემ

ამავე თემაზე: კომისიის წევრი: რატომ დავდივართ სულ ერთი და იგივე ხალხი სხდომაზე?

საპროცედურო და სამანდატო კომისიას ლია ჩლაჩიძე ხელმძღვანელობს. კ​ომისიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე მომზადებულები უნდა მივიდნენ და ყველა საკითხი კომისიაზე განიხილონ.

„მუდმივად რომ აცდენდეს სხდომას, ასეთი შემთხვევა არ არის, მაგრამ ბიუროს სხდომაზე რა საკითხები განიხილება, დეპუტატი საკრებულოზე არ უნდა იგებდეს“, - გვითხრა ლია ჩლაჩიძემ

თუმცა, ლია ჩლაჩიძე აღნიშნავს, რომ დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო კომისიის სხდომა არცერთხელ ჩავარდნილა.

“ჩემს კომისიაში 11 წევრია, კვორუმი რომ შედგეს, ამისათვის საჭიროა 6 ან 7 ადამიანი იყოს, რომ კომისიამ სრულყოფილად ჩათვალოს წევრების რაოდენობა და უფლებამოსილი გახდეს, იმუშაოს დადგენილი დღის წესრიგით.

მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ქვორუმი არ არის. კომისიის სხდომები თვეში ორჯერ იმართება, მნიშვნელოვანია ყველა დაესწროს,გამოთქვას საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვაში", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს, უმრავლეს შემთხვევაში, კომისიის სხდომების გაცდენისთვის, საპატიო მიზეზები აქვთ.

"იშვიათად ხდება, რომ კომისიის წევრს არ მოუხერხდა და არ მოვიდა, მაგრამ სისტემატიური სახე რომ ჰქონდეს, ასეთი არ არის“, - გვითხრა ზაზა ნასყიდაშვილი

ნასყიდაშვილის განმარტებით, სანქციები იმ შემთხვევაშ ამოქმედდება, თუ დეპუტატი 6 თვის განმავლობაში არ გამოცხადდება სხდომაზე.

საკრებულოს წევრი სხდომებზე 6 თვის განმავლობაში თუ არ გამოცხადდა, იწყება ადმინისტრაციული საქმის წარმოება და შეუწყდება უფლებამოსილება. თუ კომისიის სხდომაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით, კოდექსით და რეგლამენტით არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

საპროცედურო და სამანდატო კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა, სადაც თავად დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ სად იყვნენ საკრებულოს დანარჩენი წევრები. კომისიის თავმჯდომარემ მაშინ აღნიშნა, რომ საკითხს საკრებულოს თავმჯდომარესთან დააყენებდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 353 times Last modified on აპრილი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი