ახალგაზრდები კონფლიქტის ზონიდან ევროპასთან დაკავშირებულ მითებზე ვიდეორგოლებს ამზადებენ

30 ახალგაზრდა ევროკავშირის შესახებ  არსებულ მითების შესახებ ვიდეორგოლებს მოამზადებს. ვიდეორგოლების პრეზენტაცია კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებში მოეწყობა

17 წლის დავით კუსრაევი კონფლიქტის ზონის სოფელ წითელუბანში ცხოვრობს. ის რადიო "მოზაიკას" პროექტის, "ევროპა მითების გარეშე" მონაწილეა. ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მან იმ მითების გამოვლენა დაიწყო, რაც მისი აზრით, თავის სოფელშია გავრცელებული.

ევროკავშირთან დაკავშირებული რეალური ინფორმაცია მან ერთი თვის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული ტრენინგებიდან მიიღო, რაც მისი განმარტებით, მნიშვნელოვან საფუძველს აძლევს, საკუთარ თემში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს. ამისთვის კი თანატოლებთან ერთად ვიდეო რგოლების მომზადებას იწყებს, მომზადებული მასალის პრეზენტაციას კი უფროსი ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფში აპირებს. მისი აზრით, დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავლენის ქვეშ დღეს სწორედ ეს კატეგორიაა მოქცეული.

"ჩემ სოფელში, მაგალითად, ხშირად მესმის ზოგიერთი უფროსი ადამიანისგან, რომ თუ ევროკავშირში შევალთ, რუსეთი ომს დაიწყებს ან ამ ნაბიჯით ქვეყანა უარს იტყვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე. ასევე ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად ადამიანების მასიური გადინება მოხდება საქართველოდან და სამუშაოდ წასული ხალხის ხარჯზე ქვეყანა დაიცლება. სწორედ ამ მითების საპასუხოდ ვაპირებთ მოვამზადოთ ვიდეო რგოლები და ვაჩვენოთ ადგილობრივებს სწორი ინფორმაციის გასააზრებლად", - ამბობს დავით კუსრაევი.

evropasonh-1

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები 3 ჯგუფად დაიყვნენ. თითოეულმა მათგანმა მენტორებთან ერთად 3 ვიდეო რგოლი უნდა მოამზადოს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად. მითები, რომელთა საპასუხოდაც ახალგაზრდებმა მუშაობა დაიწყეს, უკვე გამოვლენილია. თითოეულმა ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

"მე სოფელ დიციდან ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორეთ ჩვენი კატეგორიის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროექტში, რადგან სწორედ ჩვენ გვესმის ძირითადად უფროსებისგან ის სტერეოტიპები, რაც სამწუხაროდ კონფლიქტის ზონაში საკმაოდაა გავრცელებული. ევროინტეგრაცია, რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ა.შ. - ეს ის თემებია, რომლებიც ვფიქრობ თითოეულმა ადგილობრივმა კარგად უნდა გააცნობიეროს და ხელი არ შეუწყოს ამ მითების კიდევ უფრო გავრცელებას. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიწყებთ მუშაობას", - ამბობს 18 წლის ელენე მინდიაშვილი.

ნინო ხომასურიძე კი რომელიც კვირაში ერთხელ, სპეციალურად ამ პროექტისთვის სოფელ მეჯვრისხევიდან გორში ჩამოდის, ფიქრობს, რომ ვიდეოები, რომლებსაც მოამზადებენ, ადგილობრივ მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და საზოგადოების ნაწილში არსებულ არასწორ დამოკიდებულებას ევროპასთან მიმართებით, მცირედით მაინც უკეთესობისკენ შეცვლის.

evrpa 3

"ჩვენ ჯგუფში შევაჯერეთ ის მითები, რაც უფრო ფართოდაა სოციუმში გავრცელებული და გადავწყვიტეთ ამ სტერეოტიპების საპირისპიროდ ვიდეორგოლი მოვამზადოთ და ვაჩვენოთ. ვფიქრობ, ეს მასალა იქნება საკმაოდ ემოციური და ინფორმაციული. ვთვლი, რომ განვლილი ტრენინგების შედეგად სათანადო ცოდნა მივიღეთ, იმისთვის რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ვუპასუხოთ და მითების აღმოსაფხვრელად ჩვენი არგუმენტები დასაბუთებულად გავაცნოთ საზოგადოებას." - ამბობს ნინო ხომასურიძე.

30 მდე ახალგაზრდა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში 3-3 ჯგუფში იმუშავებს. მათი მენტორები რადიო "მოზაიკას" წარმომადგენლები არიან. ლიკა მელთაური, ლიზა ყაზიშვილი და თამარ მჭედლიშვილი უკვე აანონსებენ, რომ მოტივირებული მონაწილეების მიერ მომზადებული აღნიშნული მასალები სამიზნე ჯგუფებისთვის საინტერესო და ეფექტური იქნება.

"ჩემ ჯგუფში 10 ძალიან აქტიური ბავშვია,  რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოავლინეს ის მითები, რომლებიც მათ თემშია გავრცელებული. ვფიქრობ, რომ ამ მითებზე მუშაობა, შესაბამისი ინფორმაციების მოძიება, გააზრება კარგი შედეგის მომტანი იქნება იმ საზოგადობისთვის, რომელშიც ამ ახალგაზრდებს უწევთ ცხოვრება და ურთიერთობა. ვიმსჯელებთ იმაზე თუ რატომ შეიქმნა ეს მითები, რას ემსახურება და რეალურად რა არის სწორი ინფორმაცია საქართველოსთან და ევროპასთან ურთიერთობაში", - აღნიშნა ლიკა მელთაურმა.

evropas 2

დანარჩენი ორი მენტორის მსგავსად ჯგუფის წევრებს კვირაში ერთხელ შეხვდება თამარ მჭედლიშვილიც. ის ფიქრობს, რომ მითების გამოვლენის ეტაპის შემდეგ უფრო საინტერესო ვიდეო რგოლების დაგეგმვა და მათი მომზადების პროცესი იქნება, სადაც პროექტის თითოეული მონაწილე იქნება ჩართული.

"შესაძლოა რაღაც ანიმაციას ან ვიდეოს არ უყუროს ადამიანმა, მაგრამ მგონია, რომ როდესაც ამა თუ იმ მასალაში ახლობელი ადამიანი მონაწილეობს, მას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას. ამ ვიდეოებში ბავშვები თანასოფლელებს, თანასკოლელებს, მშობლებს და ა.შ. კარგად აუხსნიან ,რა არის მითი და რა რეალობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე. ასევე ევროინტეგრაციის შედეგებზე სწორ და დასაბუთებულ ინფორმაციას მიაწვდიან. ვფიქრობ, გამყოფ ხაზთან მცხოვრები 30 ახალგაზრდის მუშაობა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს ამ მიმართულებით", - ამბობს თამარ მჭედლიშვილი.

რადიო "მოზაიკას" 6 თვიანი პროექტი "ევროპა მითების გარეშე" ღია საზოგადოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. პირველი ეტაპი ახალგაზრდების კონკურსის წესით შერჩევას მოიცავდა, რასაც მათი დატრენინგება მოჰყვა კვალიფიციური ტრენერების მიერ. ამჟამად კი ახალგაზრდები ჯგუფებში მუშაობას აგრძელებენ და მაისის თვეში 9 ვიდეო რგოლს წარმოადგენენ, რომელთა პრეზენტაციებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მოაწყობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტი მათ საშუალებას აძლევთ საკუთარი ცნობიერება აიმაღლონ ევროპასთან დაკავშირებით და არ მოექცნენ პროპაგანდის გავლენის ქვეშ, პარალელურად კი ხელი შეუშალონ ადგილობრივ დონეზე მითების მიზანმიმართულად გავრცელებას, რასაც მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად ხვდებიან.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 900 times Last modified on აპრილი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი