მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები - რას გეგმავს ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო გორის რამდენიმე უბანში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. გადაადგილება პრობლემური განსაკუთრებით ნალექიან ამინდში ხდება. ქალაქის ზოგიერთ დასახლებაში კი სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობს.

ანი წიკლაური ქალაქში ფეხით ხშირად გადაადგილდება. ამბობს, რომ წვიმიან ამინდში ხშირად გუბეების გავლა უწევს.

“მე წმინდაწყალზე ვცხოვრობ და წვიმის დროს ხშირად დგება გუბეები, ზოგ ქუჩაზე სანიაღვრე არხებიც არ არის ან მოუწესრიგებელია.  მსგავსი შემთხვევაა ცხინვალის გზატკეცილზეც, წვიმის დროს ტროტუარზე მიდიხარ და მანქანების გადაადგილების პარალელურად, წყალი ტროტუარამდე აღწევს“, - ამბობს ანა.

ქუჩაში ფეხით გადაადგილება ხშირად უწევს კახა ქარელიძესაც. მისი თქმით, ქალაქში ბევრ ქუჩაზე სანიაღვრე არხები არის, მაგრამ გუბეები მაინც დგება.

“არხები კი არის ქალაქში, მაგრამ ზოგან წყალი არ გადის და გუბდება, რამდენიმე ადგილია ქალაქში ეგეთი, მაგალითად სტალინის ქუჩაზე, მწერალთა სახლთან რომ ზებრა გადასასვლელია, მანდ წვიმიან ამინდში თუ გადახვალ, პირდაპირ გუბეში აღმოჩნდები“, - გვითხრა კახა ქარელიძემ.

გორის მერიაში ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემები ქალაქში ეტაპობრივად მოწესრიგდება. დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქში 10 - მდე ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

“იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ამ ეტაპზე წყლის დაგროვების პრობლემა აღარ არის, თუმცა იმ ქუჩებზე სადაც რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, ჯერჯერობით რჩება ეს პრობლემა. მიმდინარე წელს დაგეგმილია არაერთი ქუჩის მოწესრიგება, მათ შორის სანიაღვრე სისტემებისაც. სადაც ყველაზე დაზიანებული ქუჩებია, იქიდან ვიწყებთ მუშაობას და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველა იმ ადგილს მოვაწესრიგებთ, სადაც ამის საჭიროება დგას“,  - განაცხადეს გორის მერიაში.

2018 წელს გორის მერიამ ქალაქის მასშტაბით ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში სანიაღვრე სისტემებიც მოაწესრიგა. მიმდინარე წელს გორში  სუხიშვილის, კახნიაშვილის, გორგასლის, ბარნოვის, ქუთაისის, გორიჯვრის, ბუხაიძის, შიო მღვიმელის, ყიფიანის და კოსტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 1517 times Last modified on აპრილი 19 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი