გორელი დეპუტატები, რომლებიც მუნიციპალურ ორგანიზაციებში მუშაობენ - კანონი და რეალობა

გორის საკრებულოს რამდენიმე წევრი პარალელურად, მუნიციპალურ ა(ა)იპ - ებში მუშაობს. ოპოზიციამ მმართველ პარტიას ეთიკის ნორმები შეახსენა.

გორის საკრებულოს წევრი ავთანდილ შოშიაშვილი მუნიციპალურ ა(ა)იპ -ში ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ის გორის კრივის სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ თუ საკრებულოში ხელფასს გაუზრდიან, კრივის სკოლას დატოვებს.

“კრივის სკოლას მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე. მე საკრებულოში თანამდებობა არ მაქვს, მხოლოდ 400 ლარს ვიღებ, რაც ხარჯებში არ მყოფნის. თანამდებობა რომ მქონდეს და მაღალი ანაზღაურება, დავტოვებდი ა(ა)იპ -ი ს ხელმძღვანელის პოსტს“ , - თქვა ავთანდილ შოშიაშვილმა.

მუნიციპალურ ა(ა)იპ - ებში დასაქმებული დეპუტატები ოპოზიციის კრიტიკის ადრესატები არაერთხელ გამხდარან. საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბექა ქორჩილავა მმართველ პარტიას ეთიკის ნორმებს ახსენებს. ქორჩილავას თქმით, მუნიციპალურ ა(ა)იპ - ებში მინიმუმ 4 დეპუტატი მუშაობს.

“საკრებულოს წევრები მოკალათებულები არიან ა(ა)იპ -ე ბში, ყველანაირი გამოცდების და ტესტირებების გარეშე ირიცხებიან, იმიტომ რომ ესენი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები. ამ ადამიანებმა კარგად აფრიალეს დროშები, "ქართულმა ოცნებამ" დაუფასა, დაასაქმა და ხელფასს იღებენ. ყოველგვარ სტანდარტს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება, როდესაც საკრებულოს წევრი ხარ და შენ ამტკიცებ ამ ა(ა)იპ -ი ს ბიუჯეტს, ვფიქრობ არაეთიკურია ეს ყველაფერი“, - ამბობს ბექა ქორჩილავა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ა(ა)იპ - ში საკრებულოს მხოლოდ ერთი დეპუტატი მუშაობს და ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

“მე ვიცი, რომ მხოლოდ ბაქარ გიუნაშვილი მუშაობს ა(ა)იპ - ში. ის მუშაობდა თავისი სპეციალობით, ვიდრე ახალი მოწვევის საკრებულო იქნებოდა. ეს არანაირი კანონდარღვევა არ არის და ვფიქრობ, რომ რომელ საკრებულოს წევრსაც ხელფასი არ აქვს და მხოლოდ ხარჯს იღებს , მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვები სამსახურთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობა ბერიანიძემ.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ეგნატე შამუგია ამბობს, რომ საკრებულოს წევრს კანონით ეკრძალება მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელობა.

“დღევანდელი მდგომარეობით საკრებულოს წევრს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორობა და დირექტორის მოადგილედ ყოფნა ეკრძალება.

ვთვლი, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით არის მოსაწესრიგებელი და საკრებულოს წევრს უნდა შეეზღუდოს თვითმმართველი ერთეულის დოტაციაზე მყოფი კერძო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობა“ , - განაცხადა ეგნატე შამუგიამ.

გორის საკრებულოში 40 დეპუტატია. 17 მათგანს სათათბირო ორგანოში თანამდებობა არ აქვს. 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1688 times Last modified on აპრილი 19 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი