ქვის კარიერები უფლისციხეში - საფრთხე ადგილობრივებისთვის

​კარიერების მუშაობა, საიდანაც სოფელ უფლისციხეში ქვას მოიპოვებენ, ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობის ნაწილი ინერტული მასალის მოპოვების და გადატანის წესის დაცვას ითხოვს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის მოსახლეობის ნაწილს სოფლის შუაში გამავალ გზაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა პრობლემებს უქმნის. მტვერი, ხმაური, ძლიერი ვიბრაცია - ადგილობრივების თქმით პროცესი წლებია გრძელდება

"ისეთი ხმაურით გადაადგილდებიან ეს მანქანები, რომ სახლში ხან ერთმანეთს ვერ ვაგონებთ ოჯახის წევრები. გარდა ამისა, დგება საშინელი მტვერი. ზაფხულში მით უმეტეს საშინელი სიტუაციაა, ფანჯრებს ვერ ვაღებთ და ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს. გაჩერებაზე ვერ ვდგებით, მაშინვე მტვერში ვეხვევით“, - გვითხრა ნანა ნიკოლაშვილმა

სატვირთო ავტომობილები, სოფლის გავლით, კარიერიდან მოპოვებულ ქვებს ეზიდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარიერის ექსპლუატაციამ სოფელში სხვა საფრთხეც წარმოშვა - ინერტული მასალის მოპოვების გამო მდინარის კალაპოტიც იცვლება.

“ყველაზე ცუდი ისაა, რომ მტკვარს კალაპოტი შეუცვალეს. ეგ კარიერები, წესით, სოფლიდან 3-5 კილომეტრის მოშორებით უნდა იყოს და არა ასე ახლოს. რაც ამათ ხრეში ამოიღეს მტკვრიდან, დაახლებით მილიონი კუბური მეტრი მაინც იქნება და წარმოიდგინეთ, ამდენივე რაოდენობის წყალი რომ წამოვა, სოფელს რა დაემართება. მარტო უფლისციხეს კი არა ახლომდებარე სოფლებსაც წაიღებს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ალექსი ადუაშვილი. 

უფლისციხეში ქვის მომპოვებელი საწარმო კომპანია “გარანტი 2012 “ მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზაზე გადაადგილება ყველას შეუძლია და მისი კომპანია გამონაკლისი ვერ იქნება.

“ეგ არის სახელმწიფო გზა და ყველას შეუძლია გადაადგილდეს. ჩვენ ყოველგვარი კანონის დაცვით ვმუშაობთ. მოსახლოებას თუ რამე პრობლემა ექმნება, შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ. ადგილობრივებმა ძალიან კარგად იციან, რომელი მანქანებიც დადიან ასე სწრაფად და ხმაურით. მანდ მხოლოდ ჩემი საწარმო არ არის“, - გვითხრა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

კიდევ ერთი კარიერის მეპატრონემ, თემურ ალიმბარაშვილმა კი უფლისციხელების პრეტენზიებს მოკლედ უპასუხა - "მასალას თვითმფრინავით ხომ ვერ გადავიტან".

“ სხვა გზა არ არსებობს და სად უნდა იაროს მანქანებმა, თვითმფრინავს ხომ არ ვიყიდით და ისე გადავიტანთ მასალას“, - გვითხრა თემურ ალიმბარაშვილმა.

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გზის დაზიანებულ საფარს, სადაც მანქანის მოძრაობისას მტვერი დგება, შეაკეთებენ. მდინარიდან ინერტული მასალის მოპოვებას კი გარემოს დაცვის სააგენტო გააკონტროლებს.

"მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვას გასცემს გარემოს დაცვის სააგენტო. ეს სამსახური აკონტროლებს, რომ არ მოხდეს ინერტული მასალის გადამეტებულად ამოღება.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, რომ გზაზე დიდი მანქანების გადაადგილების გამო მტვერი აწუხებთ, წინასაარჩევნოდ მე მათ ვუთხარი, რომ მოვუგვარებდით ამ პრობლემას. დაახლოებით 170 მეტრის გზაა გასაკეთებელი. დავაგებთ ასფალტს, რომ გზაზე მტვერი აღარ დადგეს“, - გვითხრა თავზარაშვილმა

უფლისციხეში, სატვირთო მანქანების მოძრაობისთვის, ალტერნატიული გზა არ არსებობს. მერიაში ამბობენ, რომ ახალი გზის მშენებლობა არც განიხილება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1560 times Last modified on აპრილი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი