რა მდგომარეობაა გორის მიწისქვეშა გადასასვლელებში (ფოტოები)

8628 ლარიანი შემოსავალი მიწისქვეშა გადასასვლვლებიდან გადაადგილების საფრთხის კვალდაკვალ.

4 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 2 გორის მერიას დროებით გასხვისებული აქვს. ერთი იუსტიციის სახლთან, რომელსაც მოიჯარე სავაჭრო დანიშნულებით იყენებს, მეორე კი გორის სპორტულ სკოლასთან მდებარეობს, რომელზეც მოვლა-პატრონობა გორის მერიამ შესაბამისი შეთანხმებით, კომპანია "ბიუ-ბიუს" გადასცა. 

 

ცენტრში მდებარე (ფოსტის შენობასთან) მესამე მიწისქვეშა გადასასვლელში კეთილმოწყობის სააგენტო კოსმეტიკურ რემონტს ატარებს, მეოთხე მიწისქვეშა გადასასვლელი კი ქალაქის დანარჩენ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს, თუმცა გორის მერიაში ამბობენ, რომ ეს ფართი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და მისი მდომარეობის შესახებ პასუხისმგებლობა მერიას არ ეკისრება. 

რადიო "მოზაიკა" ოთხივე გადასასვლელის მდგომარეობით დაინტერესდა და ადგილზე გაარკვია, თუ რამდენად სარგებლობენ ამ საშუალებით მოქალაქეები. აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის სხვადასხვა მიზეზით, ადამიანები მიწისქვეშა გადასასვლელებში თითქმის არ ჩადიან.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უზურფრუქტის პირობებსა და ვალდებულებას მერია არ აკონტროლებს და მიწისქვეშა გადასასვლელებს მისი დროებითი მფლობელებიც სათანადოდ არ უვლიან.

"სამწუხაროა, რომ 4 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს გორში და ნორმალურ მდგომარეობაში არცერთი არ არის. უსტიციის სახლთან რომელი გადასასვლელიცაა იჯარითაა გაცემული და სავაჭრო ცენტრადაა ქცეული, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია ისეთი სივიწროვეა. ამას ემატება ისიც, რომ 6 საათზე იკეტება და საღამოს საათებში ვერ სარგებლობენ მოქალაქეები. სპორტსკოლასთან რომელიცაა, "ბიუ-ბიუს" აქვს მოვლა-პატრონობაზე ვალდებულება აღებული და საშინელი ანტისანიტარიაა, საჭირო ოთახებადაა გადაქცეული ისეთი სუნი დგას. ამ ყველაფერს მერია უნდა აკონტროლებდეს და ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხებს უნდა ითხოვდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხის საჭიროებები მათ საერთოდ არ აინტერესებთ."

ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მერიაში. უწყების პრესსამსახური განმარტავს, რომ სწორედ მოქალაქეთა საჭიროებიდან გამომდინარე, გორის ცენტრში მიწისქვეშა გადასასვლელის რემონტი მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ მოქალაქეებს მისით სარგებლობა უპროვბლემოდ შეეძლებათ.

"კოსმეტიკური რემონტი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელზე. ჩვენი სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს მალე დაასრულოს სამუშაოები ამ ობიექტზე და მოქალაქეებს დროულად მიეცეთ საშუალება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლონ ამ გადასასვლელით. ამ დროისთვის, უკვე მოვახდინეთ განთავსებული მაღაზიების დემონტაჟი და მალე ეს ფართი იმ დატვირთვით გამოიყენება, რისთვისაცაა გამიზნული", - აღნიშნა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანიშვილმა.

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ არსებული ვითარებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სატრანსპოსტო გზის გადაკვეთა უწევთ.

უახლოეს მომავალში, მერია მათ მხოლოდ ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას ჰპირდება. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მდგომარეობის გამოსწორების კუთხით, ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქში არსებული 2 მიწისქვეშა გადასასვლელიდან გორის მერია გარკვეული სახის შემოსავალს იღებს. მხოლოდ იუსტიციის სახლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დროებითი მფლობელი, როგორც მოიჯარე, მერიას თვეში 609 ლარს უხდის, კომპანია "ბიუ ბიუ" კი - თვეში 110 ლარს. ანუ ორი მიწისქვეშა გადასასვლელიდან მერიას წელიწადში 8628 ლარი შესდის.

ამავე თემაზე: 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 378 times Last modified on მაისი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი