რატომ არ მუშაობენ გორის მუნიციპალიტეტის ამბულატორიები ყოველდღე?

„სოფლებში ამბულატორიები დაკეტილია“, „ექიმები არ დადიან“, „მათი ხელფასი იმდენად დაბალია, რომ მუშაობა არ უნდათ“ - ეს ინფორმაცია საკრებულოს წევრებმა იმ კომისიის სხდომაზე გააჟღერეს, სადაც შპს “შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან ამბულატორია 38 სოფელში ფუნქციონირებს, თუმცა როგორც საკრებულოს წევრები ამბობენ, სრული დატვირთვით მათი უმრავლესობა არ მუშაობს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ამბულატორიებში ექიმები არ არიან. დაკეტილია ხშირ შემთხვევაში“, - აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა და რამდენიმე კითხვაც გააჟღერა:

1. ერთი ექიმი რამდენ ამბულატორიას ემსახურება?

2. რეალურად, რამდენი ექიმი სჭირდება ყველა ამბულატორიას?

ამ კითხვების ლეგიტიმურობას „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელიც აღიარებს. ზურაბ ჯალაბაძის თქმით, ამბულატორიებში იმაზე ნაკლები ექიმი მუშაობს, ვიდრე საჭიროა.

“შეიძლება, ყოველდღიურად იქ არ იყოს , მაგრამ დღეები აქვს გადანაწილებული. კადრი არ არის იმდენი, რომ ყოველდღიურად იყოს. ორ ამბულატორიას ემსახურება ერთი ექიმი. მიეცით მაღალი ხელფასი და იქნება ყოველდღეც“, - თქვა ზურაბ ჯალაბაძემ.

ამ საკითხით დაინტერესებას დეპუტატი მანუჩარ ლაფაჩი ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს. როგორც ის ამბობს, ანაზღაურების გაზრდით, ექიმებს ამბულატორიაში დასაქმების სურვილი უნდა გაუჩინონ.

„ექიმების ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ მოტივაცია აქვთ დაკარგული ამბულატორიაში მუშაობისა, მართალია ოპერაციებს არ აკეთებენ, მაგრამ არანაკლები ექიმები და პროფესიონალები არიან. ჩემი თხოვნაც და მოთხოვაც ეს იქნება, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად დააფასოს ეს ადამიანები“, - ამბობს მანუჩარ ლაფაჩი.

რამდენია ამბულატორიაში დასაქმებული ექიმის და ექთნის ხელფასი?

დღეის მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 25 ექიმი და 34 ექთანი ემსახურება.

რადიო „მოზაიკა“ ერთ-ერთ ამბულატორიაში დასაქმებულ ექიმს ესაუბრა. მას ყოველთვიურად ჯანდაცვის სამინისტროსგან 650 ლარს (-20%) ერიცხება და 1000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.

„ორ სოფელს ვემსახურები და ჩემი ხელფასი 650 ლარია, თუმცა როგორც ყველა სხვა დანარჩენს, საშემოსავლოს 20% მექვითება. დაგროვებითი პენსიის გადასახადი გავიუქმე, თორემ ეგეც გამომაკლდება“, - უთხრა ექიმმა „მოზაიკას“.

მისი თქმით, აღნიშნული თანხით მას ამბულატორიისთვის საჭირო მედიკამენტების და საკანცელარიო ნივთების შეძენაც უწევს.

„ხშირად მედიკამენტებს და საკანცელარიო ნივთებსაც ამ ხელფასით ვყიდულობ. საუბარია, რომ 20%-ით გაგვეზრდება ანაზღაურება, თუმცა ეს როგორ და როდის მოხდება, ჯერ არ ვიცით“.

რაც შეეხება ექთმებს, მათი ხელფასი 455 (-20%) ლარია.

 

დისკუსია ჯანდაცვის განათლების სპორტის კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 




Read 1445 times Last modified on ივლისი 02 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი