გორის საბავშვო მოედნები, სტანდარტის გარეშე - პრობლემა და მერიის გეგმები

გორში საბავშვო მოედნებისთვის გამოყოფილი სივრცის ხელოვნური საფარით ან წითელი ქვიშით დაფარვა არ ხდება. ატრაქციონების ნაწილი - მდელოზე, ნაწილი კი მოასფალტებულ ტერიტორიაზე მონტაჟდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოედნის მოწყობის სტანდარტი შემუშავებული არ აქვთ და სახსრების და რესურსების შესაბამისად მოქმედებენ.

ბავშვებისთვის ერთ-ერთი მოედანი გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ატრაქციონები კორპუსებს შორის მდებარე მინდორზეა მოწყობილი, თუმცა ამ დროისთვის სივრცე - მოსაპირკეთებელი, ატრაქციონები კი შესაკეთებელია.

“ამ დასახლებაში მარტო ერთი სკვერია ბავშვებისთვის და ისიც დაზიანებული. სულ ოთხი საქანელა და ერთი სასრიალოა, ყველა მორყეულია. რიგი დგას ხოლმე ბავშვების და ერთმანეთს ელოდებიან, რომ საქანელაზე დასხდნენ. წვიმის დროს ისეთი გუბეები და ტალახია, რომ რამდენიმე დღე სჭირდება გაშრობას", - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ჭალა თამარაშენი სკვერი მდელო 1

ბავშვებისთვის გასართობი სივრცე კომბინატის დასახლებაშიცაა - ამ შემთხვევაში, საბავშვო საქანელები ასფალტზეა დამონტაჟებული.

ჰაერივით სკვერი 1

სკვერების მოვლა-პატრონობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას წელს 642 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. უწყებაში ამბობენ, რომ ქალაქში საბავშო მოედნებისა და სკვერების მოსაწესრიგებლად აქტიურად მუშაობენ.

"ამ ეტაპზე გორში 8 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სკვერების გარდა, საბავშვო სივრცეები უკვე მოეწყო ვერხვებისა და სადგურის დასახლებებში, გარდა ამისა შინდისის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები. გორის სამ სოფელში დასრულდა ასევე საბავშვო სივრცეების მოწყობა და ორ სოფელში ახლა მიმდინარეობს. უკვე დაზიანებული სივრცეები რაცაა, მოწესრიგება ეტაპობრივად მოხდება".

ამ დროისთვის ქალაქში რამდენიმე უბანი რჩება, სადაც საბავშვო მოედნის მოწყობას ელიან. ერთ-ერთი ასეთი ჩოჩიშვილის ქუჩაა.

"ჩოჩიშვილის ქუჩაზე საერთოდ არ აქვთ პატარებს სკვერი, იძულებულები არიან რომ დიდებისთვის განკუთვნილ მოედანზე ითამაშონ, იქაც ხშირად დიდი ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და ამათთვის ადგილი არ რჩება. რამდენჯერმე შეგვპირდნენ, რომ გააკეთებენ და ჩვენც ველოდებით",- ამბობს ჩოჩიშვილის ქუჩაზე მცხოვრები.

ამ საკითხზე საუბრისას გორის მერია ამბობს, რომ მოედნები ძირითადად სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ეწყობა. შესაბამისად, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, ადგილობრივების აქტიურობის და სურვილის შემთხვევაში, ქალაქში მოედნების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

ამავე თემაზე: რა მდგომარეობაშია სკვერები და შადრევნები გორში - ფოტოები

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1207 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი