მერიის შიდა აუდიტის საქმიანობის ანგარიშის განხილვა ბიუროს სხდომაზე - შენიშვები და შეფასებები 

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 12 წევრი ესწრებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე განხილვა მოჰყვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების საქმიანობის ანგარიშის შეფასებას. საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირმა ამბარდნიშვილმა წარმოდგენილ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, არასაკმარისად მიიჩნია.

“დადებით დასკვნას რაზე დებთ, აღნიშნული დოკუმენტი არის ჩამონათვალი, როგორც წიგნის სარჩევი და არ პასუხობს იმ ანგარიშს რაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორ მიგაჩნიათ სწორად ასეთი ტიპის ანგარიშის შეფასება და საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენა? მივმართე მერიას, გადმომიგზავნიან შეფასებებს, რომელიც არის 40 გვერდიანი, ვითხოვ კომისია ისევ ახლიდან შეიკრიბოს , ერთად განვიხილოთ მერიის სამსახურების ანგარიში, რადგან მოსახლეობას აქვს პრეტენზიები და უნდათ დეტალურად იცოდნენ ამ სამსახურის მუშაობის შესახებ “, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი

სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე დამოუკიდებელი დეპუტატის შენიშვნას არ ეთანმება, მისი თქმით წარმოდგენილი ანგარიში დამაკმაყოფილებელია

“ეს არის ტიპიური ანგარიშის ფორმა, რომელიც შევსებულია წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით. თუ თქვენ რაიმე გაინტერესებთ კონკრეტულად უნდა გამოიწვიოთ დეტალურად საკითხი, სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიამ დადებითი დასკვნა დადო. ეს არ არის სამსახურის ანგარიში ეს არის განყოფილების ანგარიში და მე სრულიად საკმარისად მიმაჩნია წარმოდგენილი დოკუმენტაცია“, - თქვა ლია ჩლაჩიძემ

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ანგარიშს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად საკრებულომ აქტიურად უნდა იმუშაოს.

“ყველა განყოფილებას და ყველა სამსახურს აქვს, თავის სამუშაო აღწერილობა, ჩვენ ავიღებთ ამ დოკუმენტს და ამის მიხედვით შევაფასებთ საუშაოებს. ამ ეტაპზე რაც წარმოადგინეს , შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს, უამრავი პრობლემებაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და ეს პრობლემები და გამოწვევები უნდა ამოწუროს შესაბამისმა სამსახურმა, ამიტომ ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვითხოვოთ არა მხოლოდ დარღვევები, არამედ მითითებები თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა სამსახურმა, ვიმუშაოთ დავხვეწოთ ეს ჩვენი ვალია, რადგან ხალხის მიერ ვართ არჩეული“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ

ბიუროს სხდომაზე ასევე სოფლებში სარწყავი წყლის საკითხიც გაჟღერდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომუნიკაცია შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან უნდა შედგეს.  

"ვფიქრობ რომ ყველა სოფლის მაჟორიტარი კიდევ ერთხელ უნდა შეხვდნენ მილორაციის სამსახურის წარმომადგენლებს. დასახონ გეგმები, მოიტანონ ის პრობლემები რაც მოსახალოებას აქვს სარწყავ წყალთან დაკავშირებით, საკრებულოში, შესაბამისი კომისია დააყენებს საკითხს, შეხვდება სოფლის მაჟორიტარებს, მერის წარმომადგენლებს და მილორაციის სამსახურს. დააყენებენ იმ პრობლემებს რაც მოსახლეობას აქვს და იმსჯელებენ გადაჭრის გზებზე. ამაში ჩავრთავთ ასევე მერიას და სამხარეო ადმინისტრაციას", - განაცხადა რაზმაძემ.

ბიუროს სხდომაზე განხილულ 14 საკითხს დეპუტატები 9 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 332 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი