გორში ავტოპარკის მოსაწყობად 1 120 271 ლარი დაიხარჯება - რიგგარეშე სხდომაზე საკითხი ერთხმად მოიწონეს

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა სადაც დეპუტატებმა კენჭი უყარესგორში ავტოპარკის მოწყობის საკითხს.

საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ სამართლებრივად ახალი ავტობუსების გადმოცემამდე გორში ავტოპარკის არსებობა აუცილებელი იყო. ასევე აღნიშნა რომ ავტობუსების სადგომის და დამხმარე ნაგებობის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება და ახალლ ავტობუსებს გორში ამის შემდეგ ჩამოიყვანენ.

საკითხის გაცნობის შემდეგ, ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები და კითხვები გაუჩნდა. ვასილისა ჯაბახიძეს აინტერესებს ახალ ავტობუსებს სოფლებისთვის გამოიყენებენ თუ ქალაქისთვის ან საერთოდ, იგეგმება თუ არა იჯარით გასხვისება შემოყვანილი ტრანსპორტის, რადგან ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის უფლება, როგორც თვითმმართველი სტატუსის არმქონე ქალაქს, არ გააჩნია. ფრაქცია "ძლიერი გორის" თავმჯდომარის კითხვებზე დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს ზუსტი პასუხები არ ჰქონდა.

"მე მაინტერესებს, ვინ დაიანგარიშა ან რა დაითვალეს და როგორ გამოიყვანეს ეს თანხა, რაც ავტოპარკის მოსაწყობადაა საჭირო. ხომ უნდა ვიცოდეთ რის მიხედვით იქნა დაანგარიშებული, იქნებ მეტი ან ნაკლებია საჭირო. ასევე გვაინტერესებს იმ ტრანსპორტის მდგომარეობა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს იჯარით აქვს გასხვისებული. ჩვენ საკრებულოს წევრები ინფორმირებულები უნდა ვიყოთ. ახლა კიდევ ახალი ავტობუსები რომ შემოჰყავთ,საინტერესოა, როგორ აპირებენ მათზე კონტროლის განხორციელებას, ან საერთოდ ვის მოემსახურება ეს ტრანსპორტი?", -იკითხა ბექა ქორჩილავამ.

საკრებულოს ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის ღირებულება 1 120 271 ლარს შეადგენს. და დაფინანსება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება.

ავტოპარკის მოწყობის პროექტი საკრებულოს ყველა წევრმა მოიწონა, უმრავლესობის აზრით, ავტობუსების გადმოცემა დააჩქარებს გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

“ის ქაოსი, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს, მალე აღარ იქნება. ფაქტიურად ამ ეტაპზე მართვის უფლება ბაზარს აქვს გადაცემული და კერძო სექტორი თავისუფალია ყველანაირი ვალდებულებისგან. ეს არ შეძლება, მართვის უფლება მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს. იმედია გვაქვს, რომ ავტოპარკის მოწყობის შემდეგ ავტობუსების შემოყვანისას ეს უფლება უკვე მუნიციპალიტეტს გადაეცემა“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის უფლება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ. როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართა და როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები საკრებულოში აანონსებენ, ამ პროექტს საშემოდგომო სესიაზე პარლამენტარების მხრიდან 99% მხარდაჭერა ექნება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 428 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი