გახარიას, თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხზე, გორის საკრებულოდან პასუხობენ

გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, თვითმმართველობებთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეხმაურებიან.

 ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გახარიამ განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის კუთხით რეგიონებში პრობლემა არ არსებობს და ადგილობრივ თვითმმართველობებში უფლებამოსილების დონე გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. გახარიას მიაჩნია, რომ დღეისათვის ადგილობრივ თვითმმართველობებს, უფლებამოსილებასთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტებიც აქვთ გადაცემული, რასაც არ ეთანხმებიან ოპოზიციაში.

ფრაქციის "ძლიერი გორი" თავმჯდომარის აზრით, გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება გორის შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. ამისთვვის ვასილისა ჯაბახიძე კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს.

"გავრილოვის პირად პრემიერ მინისტრს თვალთხარია-გახარიას რა თქმა უნდა ჰგონია, რომ თავისი ტყუილებით ყველას დააჯერებს იმას, რომ თურმე ადგილობრივ თვითმმართველობებში იდეალური მდგომარეობაა გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. რომელ დელეგირებულ უფლებამოსილებაზეა საუბარი, როდესაც მერი საკუთარ მუნიციპალიტეტში არ არის დამოუკიდებელი, რომლის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. მაგალითად, მოადგილეების გაშვება დანიშვნის საკითხსაც კი დამოუკიდებლად არ აწყვეტინებენ", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

ოპოზიციის განცხადებას პოპულისტურს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში". გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მმართველი გუნდიდან, მამუკა ფანიაშვილი ​ გახარიას შეფასებას ეთანხმება, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული პროცესები ეტაპობრივად ხორციელდება.

"გადაწყვეტილებებს ყველა თემაზე მერი იღებს. სამხარეო ადმინისტრაცია ჩართულია მხოლოდ კორდინაციის კუთხით, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივს შორის. გახარიას კომენტარს, თვითმმართველობებთან დაკავშირებით, ვეთანხმები. ფინანსებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს გადაცემა ადგილობრივ ბიუჯეტებში. იმასაც ვეთანხმები, რომ უფრო მეტ დეცენტრალიზაციას ფინანსურს და მმართველობითს, მეტი კომპეტენცია სჭირდება ადგილზე, რაც ასევე ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი კი დეცენტრალიზაციის ნაცვლად, კორუფციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ გახარიასთვის ადგილობრივ დონეზე არსებული ვითარება ისედაც ცნობილია. 

"ნაწილიბრივ ვეთანხმები გახარიას განცხადებას, რადგან დღევანდელი ხელისუფლება მასზე კარგად ვინ იცის?კორუფციაშია ჩაფლული.. ტროტუარი და გამწვანების ზოლი არ დაუტოვეს ქალაქს. ახალბაღის თემა ამ სკითხის ნათელი ლუსტრაციაა".-აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ამ დრომდე მუშავდება. მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცება თავდაპირველად 2017 წლის, შემდეგ კი 2018 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი დაპირებით, მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, თუმცა, დღეისათვის სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელსაც საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 896 times Last modified on სექტემბერი 09 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი