დაზიანებული მინი მოედანი ფლავისმანში - ოპოზიციის კრიტიკა და მერიის პასუხი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანში, სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნული მოედანი წლებია სავალალო მდგომარეობაშია. 

"სოფელი ფლავისმანი რომელიც ეწ. საზღვართან მდებარეობს უყურადღებოდაა მიტოვებული მთავრობისაგან.
ფეხბურთის მოედანი რომელიც ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია წლებია სავალალო მდგომარეობაშია. ადგილობრივი ხელისუფლება კი არასდროს დაინტერესებულა", -ამბობს ბექა ქორჩილავა. 

აღნიშნულ საკითხს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ. უწყებაში ამბობენ, რომ სოფელ ფლავისმანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სკვერი უკვე მოეწყო, თუმცა დაზიანებული მოედნის რეაბილიტაცია წელს დაგეგმილი არ ყოფილა. 

" წელს აღნიშნული მოედნის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ გვქონია, თუმცა ჩვენ მოსახლოებას მივეცით საშუალება თავად განესაზღვრათ პრიორიტეტები, თუ რისი მოგვარება უნდოდათ სოფელში. იქნება ეს სამოქალაქო ბიუჯეტისა თუ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში. ფლავისმანის მოსახლეობამ სხვა საკითხებს მიანიჭა პრიორიტეტი და შესაბამისად წელს, ის პროექტები განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად ცდილობს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაცია მომავალ წლისთვის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს სპორტული მოედნები გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოეწყო, მათ შორის ზეღდულეთში და მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში. ამ დროისთვის კი - მოედნის მოწყობის სამუშაოები ფხვენისში, ორთაშენში და გუგუთიანთკარში უნდა დაიწყოს. 

შესაბამისი ტენდერი გორის მერიამ გასულ თვეს გამოაცხადა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე დადებულია. 

 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მინი მოედანი მოეწყობა 

Read 339 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი