გორის საერთაშორისო ურთიერთობები - მიღებული გრანტები და მეგობარი ქვეყნები

გორი საზღვარგარეთ მდებარე 17 ქალაქთან არის დამეგობრებული. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორის საერთაშორისო ურთიერთობების მოკლე მიმოხილვას.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, გორის მერიაში 4 თანამშრომელი მუშაობს.

მათი მუშაობის ანგარიშის მიხედვით, გორის მერია ამ დროისთვის საზღვარგარეთის 17 ქალაქთანაა დამეგობრებული.

მათ შორის ყველაზე მეტი ქალაქი პოლონეთიდანაა. მას მოსდევს უკრაინა, ლატვია, ისრაელი და ლიეტუვა.

ამ ქალაქებთან გორის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის თანამშრომლობას ახორციელებს.

პარალელურად, აღნიშნული განყოფილების ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში სხვადასვხა სახის პრტოექტები ხორციელდება.

ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, 10-თვიანი ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გულისხმობს და ის 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს.

ეროკავშირის მიერ გორის მუნიციპალიტეტში წელს კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა, რომელსაც ასე ჰქვია "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის საშუალებით".

საერთაშორისო პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 21 თვეს მოიცავდა და ის პოლონელი ექსპერტების მიხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობდა.

  1. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი იყო ასევე "საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში", რომლის ფარგლებში გამართულ კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის "სამოქალაქო ბიუჯეტმა" საპრიზო ადგილი დაიკავა.
  2. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტმა პროექტი იაპონიის მთავრობის პროგრამის ფარგლებშიც განახორციელა. 61 000 დოლარი გზების, სასმელი და სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკის შეძენაზე დაიხარჯა. 
  3. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 30 000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღო USAID-ისგანაც.

პროექტის "ზრდა" ფარგლებში ქვეშის საბავშვო ბაღის ფლიგერი სარეაბილიტაციოდ მერიას გადაეცა. ამავე პროექტის ფარგლებში, სოფელ ციცაგიაანთკარის წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოებიც დაიგეგმა და მათ განსახორციელებლად, როგორც ანგარიშშია მითითებული, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება დამეგობრებულ ქალაქებს და მათთან სტუმრობას:

წელს ამ ურთიერთობის ფარგლებში, გორის მერი ისრაელის ქალაქ ლოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

კონსტანტინე თავზარაშვილი წელს პოლონეთშიც იმყოფებოდა. ბიალისტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზე ის მუნიციპალური ტრანსპორტის, ნარჩენების მართვის და განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

მიმდინარე წლის მარტში კი, გორის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, გარემოს დაცვის საკითხზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, იმყოფებოდნენ.

სტუმრობასთან ერთად გორის მერია წელს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მასპინძელიც იყო.

მაისის თვეში უკრაინის ქალაქ ვასილკოვოდან მერის პირველ მოადგილესთან ერთად გორს ძიუდოისტები ეწვივნენ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კი, გორში ლიეტუვას ქალაქ უთენას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და გორის ტურისტული პოტენციალი შეაფასეს.

26 მაისს სტუმრები იყვნენ გორში ლატვიის ქალაქ სალაცგრივადანაც.

ივნისის თვეში კი გორს ლატვიური ფოლკლორული ანსამბლი "პაკალნი" სმილტენეს მუნიციპალიტეტიდან ეწვია, რომელმაც ანსამბლ "გორთან" ერთად შემოქმედებითი საღამო გამართეს.

გორს წელს პოლონეთის დელეგაციაც სტუმრობდა. პომორსკის რეგიონის წარმომადგენლები ტირძნისის საბავშვო ბაღს ეწვივნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს.

გასულ თვეს კი, გორის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში ლიეტუველი სტუმრები ჩამოვიდნენ. უთენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გორის მერმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

გორის მუნიციპალიტეტი "სპორტის კვირეულშიც" ჩაერთო და ევროკომისიის მხრდაჭერით "გორის მარათონი-2019" მოაწყო.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 327 times Last modified on ნოემბერი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი