გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთს გრანტის თანხა დაუბრუნა და ბიუჯეტი 10 200 ლარით აზარალა

 სოფელ ტინისხიდში შშმ პირების შენობის რეაბილიტაციისთვის, პოლონეთმა გრანტის სახით 2017 წლის 31 ივლისს 68 354 ევრო გამოყო , თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მიერ პროექტი არ განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. 

დოკუმენტის მიხედვით, პროექტი 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. მაგრამ სახელმწიფო აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება და პროექტის განსახორციელებლად, გრანტის სახით მიღებული დაფინანსების გამოყენება. როგორც ანგარიშში წერია აღნიშნული გამოწვეული იყო მუნიციპალიტეტის მიერ დაშვებული სხვადასხვა სახის ხარვეზით.

"საგრანტო შეთანხმების გაფორმების დროს დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. ვინაიდან მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერა 2017 წლის 31 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული საკრებულოს წინასწარი თანხმობა და მთავრობის ნებართვა გრანტის აღებაზე. აღნიშნული პროცედურების განხორციელება დაიწყო დაგვიანებით - საგრანტო დაფინანსების მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ.

დაგვიანებით დაწყებული პროცედურების გამო, მთავრობის ნებართვა მიღებული იქნა 2017 წლის 13 სექტემბერს. ნებართვის მიღების შემდეგ მოხდა ჩარიცხული თანხის კონვერტაცია ლარში, რამაც 200 149 ლარი შეადგინა. გრანტის ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება განხორციელდა 21 სექტემბერს, ხოლო შესყიდვის განხორციელების მიზნით ტენდერი გამოცხადდა 3 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა 15 ნოემბერს, თუმცა შესყიდვის პროცედურები აღარ გაგრძელდა.

ამავე პერიოდს დაემთხვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის პროცესი. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის ოქმის მიხედვით, სატენდერო პროცედურები შეწყდა. შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია ის გარემოებები, რომ 24 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზები და იგი საჭიროებდა კორექტირებას.

ამასთან პოლონურ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების პირობების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს, რაც არსებული გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო", - წერია აუდიტის ანგარიშში.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 27 ნოემბერს პოლონურ მხარეს აცნობა, რომ შეთანხმებულ ვადაში ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და სთხოვა პარტნიორობის ვადის გაგრძელება რამდენიმე თვით. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მუნიციპალიტეტს ავალდებულებდა, რომ პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა და პრობლემების შესახებ მოეხდინა პარტნიორის ინფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამოიკვეთა თანხის მიღების მომენტიდანვე, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს პოლონური მხარისათვის და არ მიუწოდებია შესაბამისი ინფორმაცია.

საბოლოოდ, 27 ნოემბერს გაგზავნილი წერილის პასუხად, პოლონურმა მხარემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ასახული 200 149 ლარით შესაძლებელი გახდა 65 070 ევროს შეძენა, რომელიც პოლონურ მხარეს გადაერიცხა 30 დეკემბერს. რაც შეეხება დარჩენილ 3 285 ევროს, აღნიშნული თანხა პოლონურ მხარეს გადაერიცხა 2018 წლის იანვარში, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 10 ათას 200 ლარი.

აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო 200 ათასი ლარის სარგებელი, პროექტი არ განხორციელდა, დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაეფექტიანად დაიხარჯა 10 ათას 200 ლარი.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1146 times Last modified on ნოემბერი 23 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი