რა დაუჯდა გორის მერიას მაჟორიტარის ოჯახის კომპანიასთან თანამშრომლობა

აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი გორის მაჟორიტარი დეპუტატის სახელს უკავშირება - საბოლოო ანგარიშის მიხედვით, იოსებ მაკრახიძის და ხელისუფლების თანამშრომლობით ბიუჯეტს ზარალი მიადგა.

შპს "გეორგია XXI" და 30 000-ლარიანი ზარალი

შპს "გეორგია XXI" გორის მერიას 1 კვ. მეტრში წლიურად 2 ლარს უხდიდა, თავად კი 60 -150 ლარად აქირავებდა.

შპს "გეორგია XXI"-ს იჯარით აქვს გადაცემული ის ტერიტორია, სადაც აგრარული ბაზარია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე მოქალაქეები ვაჭრობენ და სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდიან. მოვაჭრეების ნაწილისთვის, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

როგორც ისინი ამბობენ, სავაჭრო ადგილს ქირაობენ და ფასს ფართის მოცულობის მიხედვით იხდიან.

ფასის დამდგენი კი ის კომპანიაა, რომლის 17%-იანი წილი გორის მაჟორიტარი დეპუტატის 19 წლის შვილიშვილს ეკუთვნის.

2018 წლის 15 ივნისამდე შპს "გეორგიას" 17%-იანი წილი დეპუტატის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს ეკუთვნოდა, რომელიც იოსებ მაკრახიძემ 2007 წელს აჩუქა. კალანდაძემ კი ზუსტად ერთი წლის წინ საკუთარი წილი 19 წლის შვილიშვილზე გადააფორმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "გეორგია XXI”-ს შორის საიჯარო ხელშეკრულება 4335 კვ.მ-ზე 2010 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2040 წელია მითითებული.

ნაკვეთით სარგებლობისთვის აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში (2017-2018წ.წ.) შპს-მ წლიურად 8 700 ლარი გადაიხადა და ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთები ქვეიჯარით გასცა.

მაგალითად:

  • 2011 წელს, ქვეიჯარით გასცა 50 კვ.მ ფართი. ერთი კვ.მ-ის ფასი კი წელიწადში 120 ლარით განისაზღვრა.
  • ქვეიჯარით გაიცა ასევე 20 კვ.მ ფართი, რომლის წლიური საიჯარო თანხა 1. კვ.მ-ზე წელიწადში ამჯერად 150 ლარს შეადგენს.
  • 2016 წელს 7 წლის ვადით ქვეიჯარით გასცა ასევე 400 კვ.მ ფართი, საიჯარო თანხა კი 1 კვ.მ-ზე წელიწადში 60 ლარით განისაზღვრა.
  • მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით მიღებული ქონება შპს "გეორგია XXI" - მ განკარგა მინიმუმ 30-ჯერ უფრო ძვირად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ფაქტს საკუთარ ანგარიშში 6 გვერდს უთმობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წესით მერიას უნდა ემოქმედა მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და კომპანიისთვის იჯარის თანხა, ლარის კურსის ცვლილების გამო, მაინც გაეზარდა.

აუდიტის სამსახურის თქმით, თუკი მერია ტერიტორიას საბაზრო ფასების შესაბამისად გასცემდა იჯარით, ბიუჯეტში 260 000 ლარზე მეტი შევიდოდა.

აუდიტის ანგარიშს აღნიშნულ საკითხზე მერიამ ოფიციალური წერილით უპასუხა და ის დოკუმენტები გაუგზავნა, რაც აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებას ადასტურებს.

კერძოდ, ეს არის უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, სადაც საუბარია, რომ 2019 წლის მარტში აღნიშნული ფართის საპრივატიზაციო ღირებულება 620 250 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის ივლისში კი, მერია მოიჯარე შპს "გეორგია XXI"-ს დირექტორს მიმართავს და აღნიშნულ ფართზე საიჯარო ღირებულებას წელიწადში 1 კვ.მ-ზე ნაცვლად 2 ლარისა, 8 ლარს სთავაზობს.

აუდიტის სამსახური არ გამორიცხავს, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ არა კანონმდებლობისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არამედ სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ შესაძლოა, ეს მათი გულგრილობის შედეგია ან ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს, კონკრეტული პირების მიერ ფინანსური სარგებლის მიღების ფონზე.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

  

Read 758 times Last modified on ნოემბერი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი